აშშ-მა რუსული კომპანიების 25 თვითმფრინავი ექსპორტის დამრღვევთა სიაში შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტმა რუსეთის ექსპლუატაციაში მყოფი Airbus-ის 25 თვითმფრინავი ექსპორტის კონტროლის პოტენციურ დამრღვევთა სიაში შეიტანა. ამის შესახებ Reuters დეპარტამენტის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

სიაში შევიდა Airbus A320-ის, A321-ისა და A330-ის 25 თვითმფრინავი, რომლებსაც ავიაკომპანია „ურალის ავიახაზები,“ ასევე, S7 Airlines, Red Wings, „იამალი,“ Nordwind და iFly მართავენ. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ავიაკომპანიებისთვის საწვავის შევსების, სათადარიგო ნაწილების მიღებისა და ტექნიკური მომსახურების შესაძლებლობის შეზღუდვას.

ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლის ხელმძღვანელი, მეთიუ აქსელროდი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი „კიდევ უფრო შეამცირებს რუსული ავიახაზების უნარს, მართონ თავიანთი თვითმფრინავების ფლოტი როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.“ დეპარტამენტი აფრთხილებს კომპანიებს მთელს მსოფლიოში, რომ ამ თვითმფრინავებითვის საწვავის ნებისმიერი შევსება, ტექნიკური მომსახურება, შეკეთება, სათადარიგო ნაწილების ან მომსახურების მიწოდება შესაძლოა, შეერთებული შტატების სააღსრულებო მოქმედებას დაექვემდებაროს.

ივლისში ამერიკულმა ავიასამშენებლო კონცერნმა, Boeing-მა თვითმფრინავების მიწოდების ბაზრების სიიდან რუსეთი 20 წლით, 2041 წლამდე ამოშალა, მაშინ, როცა უკრიანის ომამდე Boeing იმავე პერიოდში რუსეთისთვის 1,5 ათასი თვითმფრინავის მიწოდებას გეგმავდა.

ზოგადად, ავიაწარმოების მსოფლიო ბაზრის გლობალური პროგნოზი, შარშანდელ პროგნოზთან შედარებით, 5%-ით შემცირდა და 41,1 ათასი ახალი თვითმფრინავი შეადგინა, საიდანაც, დაახლოებით, 8,5 ათასი თვითმფრინავი ჩინეთში გაიგზავნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ