რა სიმძლავრისაა უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც IAEA -ს ინფორმაციით, მთლიანად კონტროლიდანაა გასული

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის რაფაელ გროსის განცხადებით, უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური სადგური მთლიანად კონტროლიდანაა გასული. "ბირთვული უსაფრთხოების ყველა პრინციპი დაირღვა", - განაცხადა გროსიმ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, მისი გუნდი მზად იყო, ქარხნის მოსანახულებლად ბოლო ორი თვის განმავლობაში, თუმცა მათ ამ დრომდე ვერ შეძლეს მისიის განხორციელება.

ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ დაყენებული ოფიციალური პირის ევგენი ბალიცკის განცხადებით, უკრაინული ძალები დასავლეთის მიერ მიწოდებულ იარაღს ატომურ სადგურზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. მანვე აღნიშნა, რომ ოფიციალური პირები მზად არიან IAEA-ს აჩვენონ, თუ როგორ იცავდნენ რუსები ბირთვულ ობიექტს, მაშინ როცა უკრაინელები მას უტევდნენ.

ცნობისთვის, ზაპოროჟიეს ატომური სადგური რუსულმა ძალებმა მარტის დასაწყისში დაიკავეს. ის ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომელიც უკრაინაში გამომუშავებული მთლიანი ელექტროენერგიის მეხუთედზე მეტს უზრუნველყოფს. ის კიევის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით, 550 კმ-ზე, ქალაქ ენერგოდარში მდებარეობს. ანალიტიკოსების შეფასებით, ზაპორიჟიეს ქარხანა განსხვავდება და გაცილებით უსაფრთხო სახეობის არის, ვიდრე ჩერნობილის ელექტროსადგური, რომელიც კიევის ჩრდილოეთით, დაახლოებით, 100 კმ-ში მდებარეობს. 1986 წელს, მისი აფეთქების შედეგად, რადიოაქტიური ნარჩენები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 1979 წელს დაიწყო. 1984-1987 წლებში ექსპლუატაციაში ოთხი ენერგობლოკი შევიდა. 1988 წელს შეიქმნა პროექტი სადგურის გაფართოების შესახებ, რაც ანალოგიური რეაქტორებით კიდევ ორი ​​ენერგობლოკის მშენებლობას ითვალისწინებდა. 1989 წლის აგვისტოში ქსელში მე-5 ენერგობლოკი ჩაირთო. 1990 წელს მე-6 ენერგობლოკის გაშვებაც დაიგეგმა, რაც ექსპლუატაციისთვის თითქმის მზად იყო. თუმცა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების ახალი სიმძლავრეების მშენებლობა-ექსპლუატაციაზე გამოცხადებული მორატორიუმის გამო, მე-6 ბლოკის მშენებლობა 1993 წლამდე შეჩერდა. ამ წელს მორატორიუმი მოიხსნა და მეექვსე ბლოკი ექსპლუატაციაში 1996 წელს გაეშვა, რის შემდეგაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში ყველაზე დიდი, მსოფლიოში კი სიდიდით მესამე სადგური გახდა.

2009 წელს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ სადგურად აღიარა. 2014 წლის დასაწყისისთვის სადგურზე 11,5 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. 2015 წლის 29 მარტს ზაპოროჟიეს ატომური სადგური პირველი ელექტროსადგური გახდა მსოფლიოში, რომელმაც ამოქმედებიდან 1 ტრილიონ კვტ/სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა. 2021 წლის 2 დეკემბერს ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა, პირველად თავის ისტორიაში, დადგენილი სიმძლავრის 100%-ის, ანუ 6040 მგვტ-ის გამომუშავებას მიაღწია, ხოლო 22 დეკემბერს ელექტროსადგურმა 6140 მეგავატით აბსოლუტური სიმძლავრის რეკორდი დაამყარა.

ცნობისათვის, სულ უკრაინაში 4 ატომური ელექტროსადგური მოქმედებს, ზაპოროჟიეს ჩათვლით. ესენია: