ირაკლი პეტრიაშვილი: შრომის ინსპექციის კონტროლი სამმხრივმა კომისიამ უნდა განახორციელოს

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, შრომის ინსპექციის კონტროლი, თავის მხრივ, სამმხრივმა კომისიამ უნდა განახორციელოს.

როგორც პეტრიაშვილმა "რეზიუმეს" ეთერში განაცხადა, შრომის ინსპექცია ჰაერივით სჭირდება ჩვენს ეკონომიკას და ის სიამოვნებით მოისმენს ყველაზე რადიკალი ნეოლიბერტარიანელის არგუმენტირებულ წინააღმდეგობას შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. პეტრიაშვილის თქმით, თუ საწინააღმდეგო არგუმენტი ვინმეს ექნება, პროფკავშირები უკან წაიღებს თავის პოზიციას. რაც შეეხება შრომის ინსპექციის შექმნის შემთხვევაში კორუფციის ზრდის საშიშროებას, პეტრიაშვილის თქმით, ეს ერთ-ერთი შიშია, რომელიც არა ბიზნესს, არამედ პროფკავშირებს აქვს.

"ამ შემთხვევაში არაპატიოსანი მეწარმე შეეკვრება არაპატიოსან ინსპექტორს, ამიტომ საქართველოს პროფკავშირები ვამბობთ, რომ კონტროლი არ უნდა იყოს ცალმხრივი, რაც არ უნდა ავტორიტეტული იყოს ეს უწყება, თუნდაც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული. არამედ კონტროლი უნდა განახორციელოს სამმხრივმა კომისიამ, სადაც მეწარმეებიც, პროფკავშირებიც და მთავრობაც ერთობლივად გააკონტროლებს ამ უწყებას და მის საქმიანობას", - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

შრომის კოდექსის შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით მთავრობა შრომის ინსპექციას ქმნის.