რატომ ცდილობს ეროვნული ბანკი ბაზრიდან დოლარის ამოღებას - კობა გვენეტაძის განმარტება

„ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლით კურსი და ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება, გამკლავება იმ სხვადასხვა შოკის მიმართ, რომელიც ქვეყანაში შეიძლება იყოს ( ასევე, რეგიონშიც)“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც სებ-ი ინტერვენციებს აკეთებს, აკვირდება როგორც ე.წ ნომინალურ, ისე რეალურ ეფექტურ კურსებს. შესაბამისად, რეზერვების შევსება ხდება მაშინ, როდესაც ამის საშუალებას ბაზარი იძლევა.

„ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა, საშუალოვადიან პერიოდში. ამას თავად ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონიც ასე განმარტავს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ფასებზე, მასზე გავლენას ბევრი ფაქტორი შეიძლება ახდენდეს. ეს არის მიწოდების, ასევე მოთხოვნის ფაქტორები, ეს არის თუნდაც, კურსის გაუფასურება გარკვეულ პერიოდში. თუმცა, სხვადასხვა პერიოდში, ეს ფაქტორები განსხვავებულად აისახება ინფლაციაზე. მაგალითად, თუ გავიხსენებთ 2014-15 წლებს, მოგეხსნებათ, რომ მაშინ საკმაოდ დიდი გაუფასურება იყო კურსის (ლარის კურსის ამერიკულ დოლართან), თუმცა იმ პერიოდში ინფლაცია ძალიან არ გაზრდილა. ამიტომ, ჩვენ არ ვუყურებთ მხოლოდ ერთ მაჩვენებელს, კურსთან დაკავშირებით, და თუნდაც, კურსს რომ ვუყურებდეთ, ამ შემთხვევაში ვუყურებთ არა უბრალოდ გაცვლით კურსს, როგორც ერთ რომელიმე ვალუტასთან, არამედ ე.წ ნომინალურ ეფექტურ კურსს, ანუ კალათას ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან არსებული კურსებისა. და, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, რეალურ ეფექტურ კურსს, რომელიც არის ნომინალურ ეფექტური კურსი გასწორებული სხვადასხვა ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ინფლაციებთან.

კიდევ ერთი მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ გახსოვთ, 2019 წელს, როდესაც რუსეთიდან ერთ დღეში მოხდა ფრენების აკრძალვა, ამ შემთხვევაში, მოლოდინების არხით მოხდა კურსის გაუფასურება. მაშინ ჩვენ გავუფასურდით, ნომინალური ეფექტური გაცვლით კურსით და ეს გადმოედო ინფლაციას.

ახლა რაც შეეხება უშუალოდ ამ შეკითხვას, როდესაც კურსზე ვსაუბრობთ, ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე ისეთი მაჩვენებელი კურსი, რომელზეც იტყოდა, რომ - აი, ახლა ეს არის მაჩვენებელი და ამას უნდა მივაღწიოთ. ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლით კურსი და ვთვლით, რომ ეს არის ყველაზე კარგი საშუალება, გამკლავება, იმ სხვადასხვა შოკის მიმართ, რომელიც ქვეყანაში შეიძლება იყოს ( ასევე, რეგიონშიც). აქედან გამომდინარე, როდესაც ინტერვენციებს ვაკეთებთ, ვუყურებთ იმ სიტუაციას, რომელიც ბაზარზე არის. მოგეხსენებათ, და მე ადრეც გამომიყენებია ასეთი გამოთქმა, არის დრო ვალუტის გაყიდვისა და არის დრო - ვალუტის ყიდვის. 2019 წელს, თუ გახსოვთ, 912 მლნ დოლარი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ ამ ვალუტის გაყიდვა შეუძლებელი იქნებოდა, თავის დროზე რომ არ გვეყიდა. ამიტომ, როდესაც ბაზარი ამის საშუალებას იძლევა, რომ შევსება მოხდეს რესურსების, რეზერვების, ეს მაშინ ხდება",- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შეგახსნებეთ, რომ სებ-მა 1-ელ აგვისტოს ბაზრიდან 10 მლნ დოლარი ამოიღო, ამ მოცულობის დოლარი იყიდა ეროვნულმა ბანკმა 24 მაისს გამართულ სავალუტო აუქციონზე.

ნინი ქეთელაური