"საკრედიტო არდადეგები" - გამოსავალი კრიზისის დროს

"ის, რაც ხდება, არ არის ბიზნესის ბრალი - ეს უფრო ხელისუფლების თავის ტკივილია"

კრიზისის პერიოდი თითქმის ყველა ქვეყანას გამოუვლია. მსოფლიო ისტორიას ამის უამრავი მაგალითი ახსოვს: პირველი მსოფლიო ომისშემდგომი წლები აუტანელი იყო გერმანიისთვის, სადაც 1 დოლარი მილიონობით მარკა ღირდა. ადამიანები უსასრულო რიგებში იდგნენ პროდუქტის შესაძენად და ვიდრე დახლამდე მიაღწევდნენ, ფასები რამდენჯერმე იზრდებოდა. გერმანელებისთვის არანაკლებ მძიმე იყო 1945 წლის შემდგომი პერიოდი, თუმცა მათ შეძლეს ურთულესი მდგომარეობიდან გამოსვლა და ეკონომიკაც აღმავლობის გზაზე დააყენეს. ყველას გვახსოვს 1929 წელს ამერიკაში დაწყებული დიდი დეპრესიაც, რომელმაც თითქმის ათ წელს გასტანა, მაგრამ დღეს ამერიკა მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოა.

ცნობილია, რომ ნებისმიერი ქვეყნის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეაქვს ფინანსური და საბანკო სისტემის გაძლიერებას. თავის მხრივ, საბანკო სისტემაც უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ მოსახლეობამ მძიმე ფინანსური პრობლემები დაძლიოს. ეს ტენდენცია თანამედროვე მსოფლიოშიც გრძელდება: მაგალითად, უკრაინაში შექმნილი ურთულესი მდგომარეობის გამო იქაურმა ბანკებმა გადაწყვიტეს, ე.წ. "საკრედიტო არდადეგები" გამოაცხადონ. ეს იმას ნიშნავს, რომ კლიენტი იხდის მხოლოდ ძირითად თანხას, პროცენტის გადახდა კი გადავადდება. თავის დროზე ცუნამის შედეგად დაზარალებულ თანამემამულეებს გაუგონარი დახმარება გაუწიეს იაპონურმა ბანკებმა -  ისინი მათ პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე აძლევდნენ თანხას.

მსგავსი ფაქტების გახსენებისას საკმაოდ ლოგიკური ჩანს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომელმაც კერძო ბანკებს დაავალა დოლარში სესხის მქონე კლიენტებს პირობები შეუმსუბუქონ. ამ დავალების შესასრულებლად ბანკებს ერთი კვირის ვადა მისცეს, თუმცა მას ჯერჯერობით მხოლოდ ორი ბანკი გამოეხმაურა. "საქართველოს ბანკის" განცხადებით, სესხების რესტრუქტურიზაციას მხოლოდ კარგი საკრედიტო ისტორიის მქონე კლიენტებისთვის აპირებს, ხოლო ცუდი ისტორიის მქონე პირების საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს და გადაწყვეტს. "თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმაც, მხოლოდ სესხის გადახდის ვადის გახანგრძლივების შესახებ ისაუბრა. როგორც ამ ბანკების წარმომადგენლებმა bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შეცვლილა, ხოლო სხვა ბანკების წარმომადგენლები ყოველგვარი კომენტარისაგან თავს იკავებენ. ეს მაშინ, როცა ლარის გაუფასურების შედეგად ჩვენი ქვეყნის საბანკო სექტორმა ათეულობით მილიონის მოგება მიიღო, რასაც ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს.

პროფესორი მიხეილ თოქმაჯიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბანკო სისტემაში და კარგად იცნობს კომერციული ბანკების ”სამზარეულოს”. მისი თქმით, პრობლემური სესხების რაოდენობის ზრდა კომერციული ბანკების ინტერესებში არ შედის.

"ამ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალი სესხების რესტრუქტურიზაცია, ან კონტრაქტების გადახედვაა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემური სესხების რაოდენობა გაიზრდება და პირველ რიგში, ეს ბანკებს დააზარალებს. უცხოეთის ქვეყნებში, როდესაც ბანკები ეხმარებიან მოქალაქეებს, ამ დროს ცენტრალური ბანკებიც დახმარებას უწევენ კომერციულ ბანკებს სხვადასხვა ინსტრუმენტის თუ შეღავათიანი გრაფიკის მეშვეობით. როდესაც კრიზისია, ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთებს ამცირებენ. ნუ დაგვავიწყდება, რომ კომერციულ ბანკებსაც ჰყავთ კრედიტორები და იმპორტიორები, რომლებსაც უცხოური ვალუტა სჭირდებათ ფინანსური ოპერაციების განსახორცილებელად. რაც შეეხება მოგებას, ის ყოველთვის არის ბანკის მიზანი", - აცხადებს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

მისი აზრით, ცალკეული მსესხებლის დახმარება არაეფექტური ღონისძიებაა, რადგან რეალურად იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც ეროვნული ვალუტის დევალვაციის გამო საბანკო ვალდებულება გაეზარდათ, საკმაოდ დიდია. მიხეილ თოქმაჯიშვილის თქმით, თუ ბანკი ყველას გაუწევს ანგარიშს, შესაძლოა თავად აღმოჩნდეს მძიმე მდგომარეობაში. "რაც შეეხება "საკრედიტო არდადეგებს" - ეს კომერციულ ბანკსა და მის კლიენტებს შორის ურთიერთმოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს. თუ ბანკი მიიჩნევს, რომ კლიენტს შეღავათი უნდა გაუწიოს და გადაუვადოს სესხი ან საპროცენტო სარგებელი, ასეც მოხდება. ყველა კრედიტორს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, მაგრამ ორივე მხარემ თავისი ვალდებულება უნდა შეასრულოს. მრავალი გზა არსებობს საიმისოდ, რომ ბანკმა თავის კლიენტებს შეღავათი გაუწიოს - იქნება ეს რესტრუქტურიზაცია, ახალი კონტრაქტის დადება თუ სხვა სახის შეღავათები... პრობლემური სესხები არც ბანკისთვისაა სახარბიელო. ბანკებს ხშირად სთხოვენ კლიენტებს აპატიოს, დავალიანება ჩამოწეროს, მაგრამ მას რომ ვალდებულება აქვს სხვა ბანკებთან და მეანაბრეებთან, ამაზე რატომ არავინ ფიქრობს?", - აღნიშნავს მიხეილ თოქმაჯიშვილი.

ამავე თვალსაზრისს იზიარებს ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომლის თქმითაც ერთადერთი, რაც ბანკებს ამ სიტუაციაში შეუძლიათ გააკეთონ, ვალის რესტრუქტურიზაციაა. "გამოითქვა იდეა, რომ თუ ადამიანი ლარში იხდიდა რაღაც თანხას, იგივე უნდა გადაიხადოს, ოღონდ უფრო ხანგრძლივი ვადის განმავლობაში. ამ სიტუაციაში ბანკებს მხოლოდ რესტრუქტურიზაცია შეუძლიათ. თუ ადამიანი იხდიდა 100 ლარს, მას ხელი უნდა შეუწყონ, რომ ისევ 100 ლარი გდაიხადოს, ოღონდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში. თუ ეს სესხი იყო 1-წლიანი, ახლა შეიძლება გაუხდეს 1,5-წლიანი. შეიძლება გამონაკლის შემთხვევაში ბანკმა მოგებაზეც თქვას უარი და სხვა ტიპის შეღავათებიც დაუწესოს კრედიტორებს, ეს ამ ბანკის გადასაწყვეტია. მორალური ვალდებულებები გასაგებია, მაგრამ ეს ვალდებულებები ფორსმაჟორის დროს უფრო სახელმწიფოს ეკისრება, ვიდრე ბიზნესს. ბიზნესი იხდის გადასახადებს, ეს არის მისი ვალი და სწორედ მის მიერ გადახდილი გადასახადების ფარგლებში უნდა მოხდეს ფორსმაჟორის დაზღვევა სახელმწიფოს მიერ", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი.

გია ხუხაშვილის შეფასებით, კომერციულ ბანკებს მოგებას ვერ დავუთვლით, მით უმეტეს, როცა ეკონომიკას საბაზრო პრინციპებზე ვაწყობთ და ბაზარიც იტანს ამ მოგებას. "ბავშვმაც კი იცის, რომ კრედიტის აღება ნებაყოფლობითი პროცესია. ამ დროს ადამიანი გაცნობიერებულად აწერს ხელს და იღებს ტვირთს, რომელიც ორმხრივ ვალდებულებებს გულისხმობს. ის, რომ საპროცენტო განაკვეთები ძალიან მაღალია, უფრო არაჯანსაღი გარემოს ბრალია, ვიდრე ბანკებისა. კომერციული ბანკები შეიძლება მართლაც ნახულობენ დიდ მოგებას, მაგრამ ეს არ არის ბიზნესის პასუხისმგებლობის ზონა, ეს არის ზოგადად, ეკონომიკური გარემოს ბრალი. ამიტომ, ეს პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა მოჰკითხოთ და არა - ბიზნესს, რომლის რისკის ზონაც მაღალია და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთებიც - მაღალი. ასე რომ, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება და ხალხისთვის შეღავათის გაწევა. ვალუტის კურსს ადგენს მოთხოვნა-მიწოდება და როდესაც მოთხოვნა არის ბევრად მეტი, ვიდრე მიწოდება, ბუნებრივია, ვალუტის კურსიც მაღალი იქნება", - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

მისი თქმით, ლარის კურსის დაცემა და ათასობით ადამიანის გამოუვალ სიტუაციაში ჩაყენება არც მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალია და არც ხელისუფლების, ისინი ამ პასუხისმგებლობას თანაბრად იზიარებენ: "ორივე მხარე სცოდავს, გადაბრალების პრინციპით კი ქვეყანა ვერ იარსებებს. ამიტომ ეს არის შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ერთნაირად არის პასუხისმგებელი, მაგრამ განსაკუთრებით - მთავრობა. თუ გრძელვადიანი გარანტიები არ შეიქმნება, თუ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოვა, ეროვნულმა ბანკმა რა უნდა იღონოს? რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, მათაც აქვთ გარკვეული რესურსი, მათაც აქვთ თანხა ნასესხები და გარკვეული ვალდებულებები აქვთ ნაკისრი დონორების წინაშე. თუ ყველაფერში ბიზნესს დავადანაშაულებთ, ძალიან ცუდ პროცესებს მივიღებთ. ამიტომ რაც ხდება, ეს არ არის ბიზნესის ბრალი, ეს უფრო ხელისუფლების თავის ტკივილია”.

ხათუნა ჩიგოგიძე