„კრიზისიდან სარგებელის მიღება ამორალურია“ - გაეროს გენერალური მდივანი ნავთობისა და გაზის კომპანიების დაბეგვრას მოითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ნავთობისა და გაზის კომპანიებისთვის სპეციალური გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის. BBC-ის შეფასებით, გენერალური მდივნის განცხადება უკავშირდება „უკრაონაში ომის შედეგად ენერგორესურსებზე ფასების ზრდას, რამაც ინდუსტრიის მოგება ახალ სიმაღლეებამდე აიყვანა.“

ტელეკომპანიას BP-ის მაგალითი მოჰყავს, რომლის ბოლო ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ 14 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოგება მიიღო. აპრილ-ივნისის პერიოდში რეკორდულ მაჩვენებელს კომაპნია Shell-ის მოგებამაც მიაღწია. მთლიანობაში ოთხმა უმსხვილესმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, Exxon-მა, Chevron-მა, Shell-მა და TotalEnergies-მა ბოლო კვარტალში, დაახლოებით, 51 მლრდ დოლარი გამოიმუშავა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის, გაორმაგებული მაჩვენებელია.

ანტონიო გუტერეში ამბობს, რომ კომპანიების მიერ „კრიზისიდან სარგებელის მიღება ამორალურია.“

„ეს გროტესკული სიხარბე ყველაზე ღარიბ და ყველაზე დაუცველ ადამიანებს სჯის, ხოლო ჩვენს ერთადერთ საერთო სახლს ანადგურებს,“ - აცხადებს გუტერეში.

გენერალური მდივანი ყველა ქვეყნის მთავრობებს მოუწოდებს, „დაბეგრონ ეს გადაჭარბებული მოგება და სახსრები ამ რთულ დროს ყველაზე დაუცველი ადამიანების მხარდასაჭერად გამოიყენონ.“

გასულ თვეში დიდმა ბრიტანეთმა ენერგეტიკულ კომპანიებს 25%-იანი ე.წ. გაუთვალისწინებელი ერთჯერადი გადასახადი დაუწესა, რითიც მთავრობა, დაახლოებით, 25 მლრდ ფუნტის მოგროვებას გეგმავს, რომ საყოფაცხოვრებო ენერგიაზე მკვეთრად გაზრდილი გადასახადები დააკომპენსიროს. მსგავსი ზომები იტალიამაც მიიღო. თუმცა ფრანგმა კანონმდებლებმა ცოტა ხნის წინ ამ ნაბიჯზე უარი თქვეს. BBC-ის ცნობით, კონგრესის ზოგიერთი წევრის „გაუთვალისწინებელი საგადასახადო წინადადების“ მიუხედავად, აშშ-ში ამ მხრივ მცირე პოლიტიკური იმპულსი შეინიშნება.

ანტონიო გუტერეში გაფრთხილებას იძლევა, რომ ენერგიის მაღალ ფასებს ფართო სპექტრის შედეგები მოჰყვება, რადგან ოჯახები და მთავრობები მთელს მსოფლიოში ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

„ბევრი განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ვალებში იხრჩობა, ფინანსებზე წვდომა არა აქვს და Covid-19 პანდემიისგან ფეხზე დადგომას ცდილობს, შესაძლოა, უფსკრულის ზღვარზე აღმოჩნდეს. ჩვენ უკვე ვხედავთ გამაფრთხილებელ ნიშნებს ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური საპროტესტო ტალღის შესახებ, რომელიც ყველა ქვეყანას შეეხება,“ - აცხადებს გუტერეში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ