ეროვნული ბანკი ნამდვილად დამოუკიდებელია და ასევე გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებები უმრავლეს შემთხვევში იქნება არაპოპულარული - კობა გვენეტაძე

„ეროვნული ბანკი ნამდვილად დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში და ასევე გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები უმრავლეს შემთხვევში იქნება არაპოპულარული“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ჩვენ ყოველთვის ვუსმენთ ბიზნესს, ვაანალიზებთ მათ მიერ მოწოდებულ წუხილს, გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩვენ ვუყურებთ ამ ინფორმაციას, ასევე საბანკო მონაცემებიდან, კონსოლიდირებული ბალანსიდან, ზოგადად, სიტუაციიდან და ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ბიზნესის წარმომადგენლების შეფასებაზე, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მარტიდან ამ დრომდე არ ჩარეულიყო ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ტენდენციებში, კობა გვენეტაძემ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, მაშინ როდესაც საუბარი იყო, თითქოს, ეროვნული ბანკი არ ყიდულობდა ვალუტას, ჩვენ მაშინ ვყიდულობდით ვალუტას Bmatch-ის საშუალებით და თუ შეხედავთ ინფორმაციას, რომელიც თვის ბოლოს ქვეყნდება, მოგეხსენებათ, რომ Bmatch გვაქვს, ბლუმბერგზე გვაქვს, აუქციონებით ინტერვენციების საშუალებით. შესაბამისად, თუ გადახედავთ ინტერვენციებს, ჩვენ ვყიდით კიდეც, ვყიდულობდით კიდეც და გაცილებით მეტს ვყიდულობდით, ვიდრე ვყიდით. ასე რომ, ეროვნული ბანკი ნამდვილად დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში და ასევე გააგრძელებს მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილებები უმრავლეს შემთხვევში იქნება არაპოპულარული“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ნინი ქეთელაური