ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება ამ კუთხითაც - ირაკლი კობახიძე

ეს არის მიზანმიმართული ქსენოფობიური კამპანია, რომელიც არის აბსოლუტურად სამარცხვინო. არავითარ ნორმებში არ ჯდება. ვინმეს თუ ევროპელობა უნდა, ქსენოფობიით ისინი ამას ვერ დაამტკიცებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ ინიციატივას იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობის შემოსვლის გამო საჭიროა სავიზო რეჟიმის ამოქმედება.

კობახიძის თქმით, „საქართველოში ქსენოფობიის ადგილი არ არის“ და ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშნელოვანი მიმართულებაა.

„ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება და უამრავი „ფეიკი“ ვრცელდება ამ კუთხითაც. კერძოდ, ერთ-ერთმა ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ დღეს საქართველოში არსებული რუსი ტურისტების რაოდენობა არის საქართველოს მოსახლეობის 10%, რაც არის სრული ტყუილი. რეალურად რომ ავიღოთ მონაცემები, 1%-იც არ იქნება. ჯამში რაც შემოვიდა თავის გასულებიანად, არის 242 000 ადამიანი. ეს არის ქსენოფობიური კამპანია, რომელიც მთლიანად სიცრუეზე არის დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ წინა ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებზე და დღეს იგივე ადამიანები მოგვიწოდებენ, რომ შეზღუდვები და სანქციები დავაწესოთ. ჩვეულებრივი ქსენოფობიაა და ჩვენ ამაზე მკაცრი პასუხი გვექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

ის ასევე გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა კიდევ უფრო მეტად დამოკიდებული გახდა რუსეთის ეკონომიკაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ არცერთ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ იყო ჩართული ომის რიტორიკაში და კამპანიაში. მათი მიზნები ნათელია და სწორედ ამიტომ არიან ისინი ჩართული ქსეონოფობიურ კამპანიაშიც. მათი მიზანი არის ერთადაერთი - როგორმე ხელი შეუწყონ ომის ვითარების გაღვივებას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. ასეთ ქმედებებზე გვექნება ძალიან მკაცრი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.