წყალტუბოს ,,ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში მთავრობამ 14-დან მხოლოდ 2 სანატორიუმის გაყიდვა მოახერხა

5 ივლისს დაწყებული აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. წყალტუბოს ,,ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გამოტანილი 14 ლოტიდან მთავრობამ მხოლოდ 2 სანატორიუმი ,,მედეა“და ,,თბილისი" გაყიდა. 12 აუქციონის სტატუსი კი - ჩაშლილია.

ცნობისათვის, მთავრობამ წყალტუბოს ტერიტორიაზე 14 სანატორიუმი გასაყიდად 6 ივლისის გამოიტანა. მანამდე, 5 ივლისს კი პროექტი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. პრეზენტაციაზე პრემიერმა განაცხადა, რომ კურორტს აქვს პოტენციალი გახდეს ისეთივე მიმზიდველი, როგორიც კარლოვი-ვარი და ბადენ-ბადენია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, კურორტის განვითარებაში 500 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ობიექტების საერთო ფასი 47 მილიონი ლარია, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 133.5 მილიონ ლარს შეადგენს. შესაბამისად, როგორც საპრივატიზაციო ფასი, ასევე სანატორიუმებში ჩასადები ინვესტიციის მოცულობა 180.5 მილიონი ლარია.

აუქციონები დღეს დასრლდა, 14-დან მხოლოდ ორი სანატორიუმი „მედეა" და თბილისი გაიყიდა. ,,მედეა" მოიცავს, 76621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე არსებულ N1-N17 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ღირებულება 5.82 მლნ ლარი იყი, საინვესტიციო ვალდებულება 10 მლნ ლარი;

„თბილისი" - ლოტი მოიცავს, 28399.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ N1, N2 და N3 შენობა-ნაგებობებს. საწყისი ფასი 3.14 მლნ-ია, საინვესტიციო ვალდებულება 9.42 მლნ ლარი;

შეგახსნებთ, ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს ე.წ. აღორძინება 2019 წელს დააანონსა.

ყველაზე ძვირადღირებული სანატორიუმი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა არის ყოფილი სასტუმრო "უშიშროება", რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს. სასტუმროს საწყისი ფასი 8.47 მილიონი ლარი, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 25.4 მილიონი ლარია. მეორე ადგილზეა უკვე გაყიდული "მედეა", რომელიც 16,222 კვადრატული მეტრის შენობას და 76,621 კვადრატული მეტრის მიწას მოიცავს.

თამარ მუკბანიანი