"თუკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინული მოდელის ანალოგიური იქნება, დიდი ალბათობით, აქ მოხვდებიან ბიზნესმენები, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ"

თუკი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი უკრაინული მოდელის ანალოგიური იქნება, დიდი ალბათობით აქ მოხვდებიან ბიზნესმენები, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ, - აღნიშნულ შეფასებას პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი ბექა ლილუაშვილი აკეთებს.

როგორც ლილუაშვილი აცხადებს, პრობლემა საქართველოში უკრაინული კანონის რედაქციით ვერ გადაიჭრება.

"როგორც აღმოჩნდა, დეოლიგარქიზაციის არსი ჩვენ და მმართველ გუნდს აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად გვესმის. უკრაინული კანონში წარმოდგენილი პრინციპები აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ პრობლემის მახასიათებლებთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას.

ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოში დეოლიგარქიზაციის პრობლემის წყაროა კონცენტრირებული ძალაუფლების არაფორმალურად გამოყენება და სახელმწიფო პოლიტიკის პროცესზე გავლენა. ამ პრობლემის მოგვარების გზა კანონის გზით კონკრეტული ადამიანებისთვის რაღაც იარლიყების მინიჭება არ არის. განსახილველად წარმოდგენილი კანონის ფარგლებში შეიძლება ისეთი ადამიანები მოხვდნენ, ვინც ოლიგარქები არანაირად არ არიან.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მოწყვლადობა მაქსიმალურად შევამციროთ, დამოუკიდებელი გავხადოთ და ამ გზით სახელმწიფო ინსტიტუტები რაიმე გარე გავლენებისგან დავიცვათ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

დეოლიგარქიზაციის საკითხზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველ სხდომა გამართა.

განხილვის საგანს წარმოადგენდა დეოლიგარქიზაციის უკრაინული მოდელი, როგორც საბაზისო დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც მმართველი გუნდი ქართული კანონის დაწერას აპირებს.