„ეს დაეხმარება ინფლაციას შემცირებაში“ - კობა გვენეტაძე  სამომხმარებლო სესხების  მაქსიმალური ვადის 3 წლამდე შემცირებაზე

„სამომხმარებლო სესხები შემცირდება, მოთხოვნა შემცირდება და ეს დაეხმარება ინფლაციას შემცირებაში“, - ასე განმარტა კობა გვენეტაძემ სესხებზე ხელმისაწვდომობის გართულებაზე მიღებული გადაწყვეტილება. როგორც მან რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რთულ ვითარებაში, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არის ერთადერთი მწარე წამალი.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო სესხებზე, მაქსიმალური ვადა 4-დან 3 წლამდე შეამცირა. კითხვაზე, რა ეფექტს ელოდება ეროვნული ბანკი მიღებული გადაწყვეტილებიდან, კობა გვენეტაძემ უპასუხა: „ეს არის ის, რომ სამომხმარებლო სესხები შემცირდება, მოთხოვნა შემცირდება და ეს დაეხმარება ინფლაციას შემცირებაში.

ზოგადად, ეროვნული ბანკების პოზიცია ამ შემთხვევაში არის ძალიან რთული, ჩვენ უნდა მოვძებნოთ ის ოქროს შუალედი, რომელიც საშუალებას მოგცემს, ინფლაციასაც გავუმკლავდეთ და ამავე დროს, ეკონომიკის ზრდასაც არ შევუშალოთ ხელი. როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ყოველთვის გვყავს კრიტიკოსები. ერთი კრიტიკოსი ამბობს, რომ ახლა, როდესაც მკაცრია მონეტარული პოლიტიკა, ეს ხელს უშლის ეკონომიკის ზრდას, სხვა კრიტიკოსები ამბობენ, რომ როდესაც ლარის კურსი მყარდება, ეს ქართულ ექსპორტს ხელს უშლის და საკმაოდ დიდი პრობლემაა. აქედან გამომდინარე ვართ ჩვენ აპოლიტიკურები და ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც არის მტკივნეული.

დღეს თითქმის, ყველა ცენტრალური ბანკი საკმაოდ რთულ ვითარებაშია, მაგრამ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არის ერთადერთი გზა, „ქინა-ქინა“, მწარე წამალი. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეცესიას პროგნოზირებენ, რა უნდა ქნას ეროვნულმა ბანკმა, ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს? სხვა გამოსავალი არ არის. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ეს ისახება ჩვენი მოქალაქეების განკარგვად შემოსავალზე, მაგრამ მოხდა პანდემია, შემდეგ რუსეთის აგრესია უკრაინაში, რამაც გამოიწვია გლობალური ცვლილებები, თან ერთმანეთის მიჯრით და ჩვენ შემთხვევაში ეს მესამე შოკი იყო, თუ გავითვალისწინებთ, იმას, რომ 2019 წელსაც რუსეთიდან ფრენების შეწყვეტა მოხდა და ტურისტული შემოსავლები დააზიანა, ნიშნავს, რომ დროის მოკლე პერიოდში მესამე შოკია. ოპონენტებსაც ვეტყვი - ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი პროგნოზებს ვერ აკეთებს? ეს შეუძლებელია. იმდენად მაღალია გაურკევევლობების დონე, რომ შეუძლებელია იმ პროგნოზის გაკეთება, რომელიც გამართლდება. ზუსტად ასეთ სიტუაციაში არიან სხვა ცენტრალური ბანკებიც“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ნინი ქეთელაური