ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ახალი მუზეუმით ონს შეემატა კიდევ ერთი ეფექტური სივრცე კულტურული, შემეცნებითი, საგანმანათლებლო და საჯარო ღონისძიებებისთვის.

„დავასრულეთ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მშენებლობა, რომელიც წარმოადგენს ძალიან საინტერესო საცავს წლების განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი არტეფაქტებისათვის. აღნიშნულმა მუზეუმმა შესაძლებლობა მოგვცა ყველა ეს უნიკალური ნივთი განთავსდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. შენობაში გათვალისწინებულია როგორც საგამოფენო, ასევე ადმინისტრაციული, საკონფერენციო და სხვა საზოგადოებრივი სივრცეები და საცავები, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისი კლიმატური კონტროლით“,- განაცხადა ქარსელაძემ.

ინფრასტურქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირება-მშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით.

„მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები. შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისათვის. კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

პროექტში გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.