რა პრეტენზიები არსებობს საჯარო სამსახურში ჩატარებული კონკურსების მიმართ

"გასაუბრების დროს, იყო ასეთი კითხვები, ხარ თუ არა გათხოვილი, მარტო ზრდი თუ არა შვილს, პატარები ბაღში დადიან თუ არა?"

35 წლის მარიამი ერთ-ერთია, რომელმაც საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად შესაბამისი პროცედურები გაიარა - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე - www.hr.gov.ge-ზე რეგისტრაცია გაიარა და რამდენიმე ვაკანსიაზე საჭირო საბუთები გააგზავნა. ამბობს, რომ თბილისის საკრებულოში არსებულ საგარეო ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ტესტირების ეტაპზე საჭირო 40 ქულა იყო და მიუხედავად იმისა, რომ მარიამმა 48 ქულა მიიღო, გასაუბრებაზე არც კი დაუბარებიათ.

35 წლის მარიამი არ არის ერთადერთი, ვინც მსგავს ისტორიას ჰყვება. საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველებს არა მარტო დედაქალაქში, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული კონკურსების მიმართაც აქვთ პრეტენზიები. ზოგი გასაუბრების ეტაპზე დასმულ არაადეკვატურ კითხვებზე ამახვილებს ყურადღებას. ზოგი კი აცხადებს, რომ საჯარო სექტორში ვაკანსიები მხოლოდ ფორმალურად ცხადდება, სინამდვილეში კი კონკრეტულ თანამდებობებზე კვლავ ის ადამიანები ინიშნებიან, რომლებიც მანამდე აღნიშნულ პოსტებზე მოვალეობის დროებითი შემსრულებლების ფუნქციას ასრულებდნენ. საზოგადოებაში არსებობდა და კვლავაც არსებობს აზრი, რომ საჯარო სექტორში პროტექციის გარეშე დასაქმება თითქმის წარმოუდგენელია.

საჯარო სექტორში დასაქმების საკითხებს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი არეგულირებს. კანონში მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ პირების, რომლებიც საჯარო სამსახურში კონკურის გარეშე შეიძლება დაინიშნონ, მათ შორის არიან - პრეზიდენტის, პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები; მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები, მრჩევლები; პირები, რომლებიც დანიშნული არიან თანამდებობის პირის (ორგანოს) უფლებამოსილების ვადით; თანამდებობაზე დროებით შემცვლელები; დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს; მოხელეები - სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში; მოხელეები - იმავე დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულში გადაყვანისას, თუ მათ მიერ კონკურსის წესით დაკავებული თანამდებობისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის ერთი და იგივე საკონკურსო მოთხოვნებია წაყენებული. დროებით მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ გარკვეული ვადით ინიშნება. შემდეგ კი სხვა კანდიდატების მსგავსად, ვალდებულია, კონკურსში მიიღოს მონაწილეობა. გარდა ზემოაღნიშნული ჩამონათვალისა, საჯარო სექტორში დასაქმების მსურველების შერჩევა კონკურსის გზით ხდება.

როგორც დედაქალაქში, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ჩატარებული კონკურსების მიმართ უნდობლობა და უკმაყოფილება არაერთხელ გამოითქვა. როგორ ტარდება კონკურსები, როგორ ხდება საჯარო მოხელეთა შერჩევა და რა ხარვეზები გამოიკვეთა ამ პროცესში - ამ და სხვა საკითხებზე bpn.ge საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს ლელა ტალიურს ესაუბრა. 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საია ცხრა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ წარმართულ გასაუბრების ეტაპს დააკვირდა, მათ შორის, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

ლელა ტალიურის თქმით, მუნიციპალიტეტებმა საია-ს წარმომადგენლის დამკვირვებლის სტატუსით მიმდინარე პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოავლინეს. კომისიებმა თანხმობა განაცხადეს საია-ს წარმომადგენელი მხოლოდ გასაუბრების პროცესს დასწრებოდა, მონაწილე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესს კი არ დაასწრეს. ცალკეული მუნიციპალიტეტების – ოზურგეთის, ლანჩხუთისა და თელავის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ საია-ს წარმომადგენელს გასაუბრებაზე დასწრების შესაძლებლობა საერთოდ არ მისცა.

ლელა ტალიური ასევე აღნიშნავს, რომ დაკვირვების შედეგად, ხარვეზები ძირითადად დაფიქსირდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარე კონკურსის გასაუბრების პროცესზე, სადაც მონაწილე პირებს უსვამდნენ ისეთ კითხვებს, რომელიც შეეხებოდა მონაწილე პირების ოჯახურ და ფინანსურ მდგომარეობას და არ იყო პირდაპირ კავშირში მათ პროფესიულ გამოცდილებასა თუ უნარ-ჩვევებთან.

"იყო მაგალითად, ასეთი შეკითხვები - ხარ თუ არა გათხოვილი, მარტო ზრდი თუ არა შვილს, პატარები ბაღში დადიან თუ არა, ვინ გეხმარება შვილების აღზრდაში? დამეთანხმებით, ეს კითხვები შეხებაში არ არის კონკურსში მონაწილე პირის პროფესიულ უნარებთან და მის გამოცდილებასთან. იგივე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დავაფიქსრეთ, რომ განსხვავებულ დამოკიდებულებას იჩენდნენ კომისიის წევრები უშუალოდ იმ პირების მიმართ, რომლებიც კონკურსში მონაწილეობდნენ და ამავე დროს იგივე მუნიციპალიტეტის სამსახურებში მოვალეობის დროებით შემსრულებლებად მუშაობდნენ, განსხვავებით იმავე პირებისგან, რომლებიც მანამდე მუნიციპალიტეტებში დასაქმებულები არ იყვნენ. მოვალეობის შემსრულებელებს თითქმის ერთი და იმავე შინაარსის, რაოდენობისა და სირთულის კითხვას უსვამდნენ, განსხვავებით კონკურსში მონაწილე სხვა პირებისგან, რომელებსაც უფრო მეტ შეკითხვას აძლევდნენ. ხარვეზები დავაფიქსირეთ ასევე ბათუმის მერიის მოხელეთა გასაუბრებისას. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომისიის წევრები გადიოდნენ გარეთ, ხშირად ტოვებდნენ გასაუბრების ოთახს ტელეფონზე სასაუბროდ, სიგარეტის მოსაწევად და გასაუბრების პროცესში ძირითადად, კომისიის ორი წევრი მონაწილეობდა", - განაცხადა ლელა ტალიურმა ჩვენთან საუბარში.

მისივე თქმით, გორის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში წევრის სახით წარმოდგენილი იყვნენ ამავე მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის აპარატის თანამშრომლები, ორ შემთხვევაში კი - გუბერნატორის მოადგილის პოზიციაზე მყოფი პირები. "ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გარემოება აჩენს ლოგიკურ კითხვებს, ერთის მხრივ, რეგიონის დონეზე ასეთი მაღალი თანამდებობის პირების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საკადრო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის და მეორეს მხრივ, მუნიციპალიტეტის დონეზე საჯარო მოხელეთა შერჩევაში ასეთი მონაწილეობის საჭიროების შესახებ, რადგან მოქმედი კანონმდებლობა, როგორიცაა "საჯარო სამსახურის შესახებ კანონი" და ცალკე გაწერილი დებულება საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობისა და კონკურსის ჩატარების შესახებ, ცალსახად ამბობს, რომ შემადგენლობა უნდა განისაზღვროს აუცილებელი საჭიროების კომპონენტის გათვალისწინებით, ანუ კომისიის შემადგენლობაში უნდა შევიდნენ ის წევრები, რომელთა იქ ყოფნა აუცილებელია", - განაცხადა ლელა ტალიურმა.

მისვე თქმით, იყო ცაკლეული შემთხვევები თბილისშიც, როდესაც დედაქალაქში მონაწილე პირებმა მოგვმართეს, ასევე ოზურგეთშიც. ლელა ტალიური ასევე აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, რამდენიმე სარჩელი სასამართლოშია შეტანილი. "იმ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, რომელსაც საია ეწევა 9 ოფისის მეშვეობით, თუ გვაქვს იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ ადამიანებს დავეხმაროთ, მათ ასეთ დახმარებას ვუწევთ. ჩემი ინფორმაციით, წარდგენილია რამდენიმე სარჩელი სასამართლოში. მხოლოდ განცხადება, რომ ვინმემ მათი იქ ყოფნა გამორიცხა, ცაკლე აღებული საკმარისი არ იქნება, აუცილებელია მტკიცებულებების წარმოდგენა და ჩვენი იურისტები სწავლობენ ასეთ შემთხვევებს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში", - განაცხადა ლელა ტალიურმა.

ნათია რუხაძე