უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო კომპანია BlackRock რუსული ფასიანი ქაღალდების საბირჟო ვაჭრობის ფონდს ხურავს

მსოფლიოს უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო კომპანია, BlackRock 17 აგვისტოდან რუსული ფასიანი ქაღალდების, Russia ETF-ის საბირჟო ვაჭრობის ფონდის ლიკვიდაციას დაიწყებს. ინფორმაციას Bloomberg კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

BlackRock აცხადებს, რომ ლიკვიდაციას შესაძლოა, ხანგრძლივი, მინიმუმ, 2023 წლის ბოლომდე პერიოდი დასჭირდეს.

Bloomberg-ის შეფასებით, ეს არის რუსული ფასიანი ქაღალდების პირველი მსხვილი ETF, რომელიც აშშ-ში დაიხურება. კომპანიის განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ Russia ETF-ის რამდენიმე აქტივიდან მოგება, რომელთა ლიკვიდაციაც შესაძლებელია, აქციონერებს შორის გადანაწილდება. თუმცა ამჟამად ფონდის აქტივების უმეტესი ნაწილი სანქციების ან ბირჟებზე ვაჭრობის შეჩერების გამო ვერ გაიყიდება. ამდენად, BlackRock ვარაუდობს, რომ ფონდის სრულ ლიკვიდაციას „ხანგრძლივი პერიოდი“ დასჭირდება.

პიკზე, ანუ 2018 წელს Russia ETF-ში აქტივების ღირებულებამ 800 მლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მარტში მათი ფასი, თითქმის, ნულოვანი იყო. მაშინ Financial Times წერდა, რომ BlackRock-მა, დაახლოებით, 17 მლრდ დოლარის ზარალი განიცადა. იანვრის ბოლოს კომპანიის კლიენტები 18,2 მლრდ დოლარის რუსულ ფასიან ქაღალდებს ფლობდნენ, თუმცა 28 თებერვალს BlackRock-მა განაცხადა, რომ რუსული აქტივების ღირებულება მილიარდ დოლარამდე დაეცა.

თუ 2023 წლის 31 დეკემბრამდე ფონდმა მისი მთელი აქტივების ლიკვიდაცია ვერ მოახდინა, BlackRock-ს შეუძლია, მისი საქმიანობა ნებისმიერ დროს შეწყვიტოს, მაგრამ აქციონერებს რუსეთის ფასიან ქაღალდებთან და სადეპოზიტო ქვითრებთან დაკავშირებული შემოსავლის მიღების გარანტია აღარ ექნებათ. Russia ETF ძირითადად ჩვეულებრივ რუსულ აქციებს ფლობს, რომელთა გაყიდვაც რუსეთის მთავრობამ უცხოელებს აუკრძალა. Russia ETF-ში, ასევე, სადეპოზიტო ქვითრები შედის, რომლითაც ვაჭრობა ამჟამად აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ბირჟებზე შეჩერებულია. რამდენიმე აქტივი, რომელიც შეიძლება, აქციონერებზე განაწილდეს, არის ფონდის მფლობელობაში არსებული და ფინანსური ბაზრიდან შესული ნაღდი ფული.

მარტში BlackRock-მა ფონდ Russia ETF-ის აქციების გამოშვება შეაჩერა. წლის დასაწყისში BlackRock-მა გამოაცხადა, რომ მსოფლიოში აქტივების ყველაზე მსხვილი მმართველი გახდა. კომპანიის მართვის ქვეშ მყოფმა აქტივებმა 10 ტრლნ დოლარს პირველად გადააჭარბა. მის პორტფელში შედიოდა რუსული აქტივები, როგროც არის „ლუკოილი,“ Tinkoff-ის მშობელი კომპანია, TCS Group, Ozon და Fix Price.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ