სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები დასაქმების მიმართულებით კვლევებს გაეცნენ

შეზღუდული შესაძლებლობის (შშმ) და სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) პირთა დასაქმების თაობაზე დამსაქმებელთა დამოკიდებულებების კვლევის შედეგებს დღეს, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები გაეცნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო რელევანტური სერვისების ამოქმედება შშმ და სსსმ პირთა დასაქმების მხარდაჭერისათვის. მათივე განმარტებით, შეხვედრას, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გახსნა, განათლების სამინისტროს, შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"2013 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა დაიწყო. შედეგად 2013 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, 16 პროფესიულ სასწავლებელში ოცდაათამდე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე, 203 სსსმ და შშმ პირი ჩაირიცხა. თუმცა, ამ ადამიანთა პროფესიული განათლება წარმატებულ ინიციატივად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუკი, მას კურსდამთავრებულთა დასაქმება და პროფესიული უნარ-ჩვევების რეალიზება მოჰყვება. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის აქტუალურ საკითხს, პროფესიული განათლების დასრულების შემდეგ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტთა დასაქმების მხარდაჭერა წარმოადგენს.

საქართველომ, გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა კონვენციის რატიფიცირებით, აღიარა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის თანასწორი უფლება ღია და მისაწვდომ შრომის ბაზარზე და აიღო ვალდებულება, უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა დასაქმება საჯარო თუ, კერძო სექტორში. შესაბამისად, განათლების სამინისტრო ეფუძნება ხედვას, რომ ყველა პირს უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს პროფესია ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით და გახდეს მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას შშმ და სსსმ პირთა დასაქმებასთან დაკავშირებით. "განათლების სამინიტროს ინიციატივითა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ჩართულობით, დაიწყო მოლაპარაკება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების სხვადასხვა სერვისების შექმნისა და პილოტირების თაობაზე.

თანამედროვე სამყაროში ახალი მიდგომების განვითარებას მუდმივად უსწრებს წინ საფუძვლიანი კვლევა, რათა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სტრატეგია იყოს თანმიმდევრული და მტკიცებულებაზე დაფუძნებული. ამ მიზნით, განათლების სამინიტროს დაკვეთით, ორგანიზაცია "აი ფი ემ კვლევების" მიერ 2014 წლის ბოლოს ჩატარდა კვლევა ,,დამსაქმებლის დამოკიდებულებების შესწავლა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა დასაქმების მიმართ", - განმარტავენ უწყებაში.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მოხდა კვლევის შედეგების პრეზენტაცია, გამოკვეთილი მნიშვნელოვანი ფაქტორების განხილვა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მომავალი სამოქმედო გეგმის წარდგენა.