„წერილი მივიღეთ 112-დან“ - მოსახლეობის ნაწილისთვის სასწრაფოს გამოძახება ფასიანი ხდება?!

სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს თანხის გადახდა მოუწევს. სადაზღვეო კომპანიებმა 112-დან წერილი უკვე მიიღეს, რომლის მიხედვითაც, კერძო დაზღვევის ბენეფიციარებისთვის სასწრაფოს გამოძახება ფასიანი ხდება.

სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ არავითარი კონკრეტიკა არ ყოფილა უწყების მხრიდან. შესაბამისად, არ იციან როდიდან იცვლება წესი და რა მექანიზმით.

„ეს არ არის მინისტრის ბრძანება, ან მთავრობის განკარგულება. წერილი მივიღეთ 112-იდან. დღეს რომ დავრეკეთ, ვკითხეთ, ბენეფიციარი რომელიც დაზღვეულია, თუ გამოიძახებს სასწრაფოს, მას არ მოემსახურებით, რამდენ თანხის გადახდა მოუწევს თუ რა ხდება? გვეუბნებიან, რომ არაფერი. გვაინტერესებს მაშინ რა ხდება?

ჩვენი ლოგიკა მარტივია, ეს არის საქართველოს მოქალაქეების უნივერსალური უფლება. ამის ამოღება სახელმწიფო დადგენილებით მაინც უნდა მოხდეს და გაწერილი იყოს, რად და რატომ ფიქრობენ, როგორ აპირებენ გაკეთებას. ამიტომ, ახლა რა მოცემულობაც გვაქვს მარტო ამის თქმა შეგვიძლია, მივიღეთ წერილი, რომლის უკანაც არ დგას არანაირი კონკრეტიკა.

ამ ეტაპზე სასწრაფო დახმარება ისევ უფასოა. ახლა დაიწყება საკითხის გარკვევა და როცა გავერკვევით, რა უნდა მთავრობას და 112-ს, მერე გაგრძელდება საუბარი. უნდა ვიცოდეთ, რა სურთ, ისეთივე სეგრეგაციაა როგორიც საყოველთაო დაზღვევითაა, მაშინ უნდა ვიცოდეთ გზები. ამის მერე შეიძლება ყველა სადაზღვევომ სხვადასხვა გზა აირჩიოს. დღეს პრაქტიკა ასეთია, რომ უნივერსალური სერვისები ეზღუდებათ დაზღვეულებს. შეიძლება ესეც ასე მოხდეს, მაგრამ მე არ მაქვს ამ ეტაპზე ასეთი მოლოდინი, განსხვავებით ჩემი კოლეგებისაგან“, - განუცხადა ხეჩინაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი