ბათუმის მერია - სამრეწველო ზონაში 10-მდე გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ სამრეწველო ზონის მიმდებარედ გზების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 10-მდე მთავარი და მეორეხარისხოვანი გზა შენდება.

არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განხორციელება უფრო მიმზიდველს გახდის ინდუსტრიულ ზონას. მისივე თქმით, თოთხმეტივე ადმინისტრაციულ ერთეულს უნდა ჰქონდეს თანაბარი განვითარების საშუალება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს ახალი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობას.

ინდუსტრიულ ზონაში, 90 ჰა მიწის ფართობზე 25 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. ამ ეტაპზე სანიაღვრე, წყალარინებისა და საკომუნიკაციო ჭები ეწყობა, ხოლო გზის ერთ მონაკვეთზე უკვე დაიწყო ასფალტის საფარის დაგება. ასევე განხორციელდება გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 8,5 კმ სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია გარეგანათების სისტემის, ბორდიურების, რკინა-ბეტონის არხისა და მილების მონტაჟი. სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 13 მილიონ 588 ათას ლარს აღემატება.