რუსეთის საგარეო უწყებამ 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 ბულგარელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„5 აგვისტოს ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუსეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა დაბარებული, სადაც მას გადაეცა სამინისტროს ნოტა 14 დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ბულგარეთის მიერ რუსეთის დიპლომატიური მისიის 70 წარმომადგენლის არასასურველ პირებად გამოცხადების საპასუხო ნაბიჯი იყო.

„მივიჩნევთ, რომ მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ აზიანებს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ტრადიციულ კავშირებს, ზღუდავს თანამემამულეების უფლებას, ჰქონდეთ წვდომა საკონსულო მომსახურებასთან, არამედ მეტყველებს კოლექტიური დასავლეთის შემდგომ დეგრადაციაზე, რომელიც მზად არის გაწიროს პარტნიორების ინტერესები, რათა დააზიანოს რუსეთი“,- განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყებამ.