შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გასხვისებულ მიწებზე - ჩვენი ჩართულობით თუ რამე იყო შესაძლებელი, მაქსიმუმი გავაკეთეთ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში 2008 წელს გასხვისებულ საძოვარ ფართობებთან დაკავშირებით, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ზეღდულეთიდან გორში ფეხით ჩავიდა. 70-მდე ადამიანი გორის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან შეიკრიბა და მერიის და გუბერნიის პირველ პირებთან შეხვედრა მოითხოვა.

ზეღდულეთის მცხოვრებლებს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე აბელ აბესაძე შეხვდა. აბესაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ შეხვდნენ ზეღდულეთელებს და პრობლემის მოგვარების და ორივე მხარის - როგორც სოფლის მოსახლეობის, ისე მიწის მეპატრონის ინტერესების დაცვის მიზნით, მედიატორის როლიც შეასრულეს, თუმცა, შეთავაზებული წინადადება მოსახლეობისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

,,აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, არაერთხელ შევხვდით მოსახლეობას. ჩვენი - ადგილობრივი ხელისუფლების და ასევე ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობით, გარკვეულწილად მედიატორის როლიც შევასრულეთ ორ მოდავე მხარეს - სოფლის მოსახლეობის ერთ ნაწილსა და მიწის ფართობის კერძო მესაკუთრეს შორის. ამ მედიაციის შედეგად, მიწის მეპატრონემ სოფელს სადაო ფართობიდან 30 ჰექტარი უსასყიდლოდ შესთავაზა, ანუ აღნიშნულ 30 ჰა-ს თმობდა მიწის მესაკუთრე, თუმცა, მოსახლეობამ განაცხადა, რომ ეს წინადადება მათთვის მისაღები არ იყო და იმ კონკრეტულ ფართობს ერთი ჰექტარიც რომ დაკლებოდა, დავას გააგრძელებდნენ. ეს მიწა გასხვისდა წინა ხელისუფლების დროს, 2008 წელს, მას შემდეგ გასხვისდა რამდენჯერმე. მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მოსახლეობის, ისე მიწის მესაკუთრის უფლებების დაცვა, ჩვენი ჩართულობით თუ რამე იყო შესაძლებელი, მაქსიმუმი გავაკეთეთ და პრობლემის კანონის ფარგლებში მოგვარების ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილეთ, სხვა მხრივ კი, გადაწყვეტილება სასამართლოს მისაღებია და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ.

ცნობისთვის, 2008 წელს გაყიდულ საძოვარ ფართობებთან დაკავშირებით, სოფელ ზეღდულეთში მორიგი აქცია დღეს დილით გაიმართა. სოფლის მოსახლეობის ერთი ნაწილი კვლავ ითხოვს 14 წლის წინ გაყიდული საძოვარი ფართობების სოფლისთვის უპირობოდ დაბრუნებას და მიწის მფლობელს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების საშუალებას ამ დრომდე არ აძლევენ, რის გამოც მიწის მესაკუთრემ შესაბამის ორგანოებს მიმართა. სადაო მიწის ფართობში შეკრებილებს დღეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი შეხვდა, რა დროსაც აქციის მონაწილეებსა და მერის მოადგილეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.