ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცა

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, 40 ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადასცა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამა გათვლილია ბათუმში რეგისტრირებულ იმ მოსახლეობაზე, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ბინა და ბინის თვითღირებულების ქირის სახით დაფარვა შეუძლია.

მისივე თქმით, უკვე 80 ოჯახია დაკმაყოფილებული. პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები წლის ბოლოს, დამატებით კიდევ 100 ოჯახს გადაეცემა. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ოთხი ხუთსართულიანი კორპუსი აშენდა. ამ ეტაპზე დამატებით კიდევ 4 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა.

დღემდე, პროექტის განხორციელებისთვის 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.