სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თხილის მწარმოებელთა ასოციაციას შესაწამლი აპარატები გადასცა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციაციას, დამატებით 200 ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატი გადასცა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აპარატებით ასოციაციის მეთხილე ფერმერები ისარგებლებენ. ტექნიკის ნაწილი გურიის რეგიონში ფერმერებს უკვე დაურიგდათ. ზურგსაკიდი შესაწამლი აპარატების გადაცემის პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა დაესწრნენ.

მათივე ცნობით, აღნიშნული ტექნიკა ეტაპობრივად განაწილდება სხვა რეგიონებში. ფერმერები აგროკონსულტანტების რეკომენდაციებსაც მიიღებენ იმ შესაწამლი ღონისძიებების ჩასატარებლად, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია 30 ათასზე მეტ ფერმერს აერთიანებს. შექმნილია 2700-მდე ჯგუფი, თითოეული 12-მდე ფერმერის შემადგენლობით. „თხილის გადარჩენის პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფომ ასოციაციას, ჯამში, 2800 სპეციალური აპარატი გადასცა.