როგორი იყო თემურ ჭყონიას „მაკდონალდსის“ ფინანსური მაჩვენებლები 2021 წელს

2021 წელი „მაკდონალდსმა“, გასული 2020 წლის ზარალის შემდეგ, მოგებით დაასრულა.

„ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა, ფინანსური ანგარიშგებების ვებგვერდზე გადაემოწმებინა, თუ როგორი იყო შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავლები და ფინანსური მაჩვენებლები გასულ წელს. ცნობისთვის, კომპანია, „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით საქმიანობს.

როგორც 2021 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება „თ და კ რესტორნების“ (mcdonald's) ფინანსურ მაჩვენებლებს, როგორც კომპანიის ანგარიშგებიდან ირკვევა, მისი შემოსავალი 2021 წელს 2020 წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, შპს „თ და კ რესტორნების“ შემოსავალი 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 138 804 945 ლარი, ხოლო 2020 წელს - 96 857 997 ლარი იყო. ამასთან, გასულ წელს კომპანიის წლის მოგება 17 611 327 ლარს შეადგენდა. მაშინ როცა 2020 წელი 19 021 279 სრული ზარალით დაასრულა.

ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2021 წლის ბოლოს, შპს „თ და კ რესტორნების“ საკუთრებაში 148 388 802 ლარის აქტივები იყო. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობამ კი 1 400-ს გადააჭარბა. ასევე, როგორც ანგარიშგებაშია მითითებული, მომხმარებელთა რაოდენობამ წლის ჭრილში 7 539 494 მილიონი შეადგინა.

როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიუხედავად 2021 წელს კოვიდ პანდემიის ფარგლებში არსებული შეზღუდვებისა, წლიურ ჭრილში კომპანიის სტუმრების რაოდენობა 16%-ით, ხოლო შემოსავალი 44%-ით გაიზარდა.

ცნობისთვის, კომპანია „თ და კ რესტორნები“ 1997 წლის 16 დეკემბერს დაარსდა. კომპანია საქმიანობს „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების ობიექტების ქსელით და წარმოადგენს „მაკდონალდსის“ კორპორაციის ფრანჩაიზს. 2021 წლის 31 დეკემბერს კომპანია წარდგენილი იყო 18 რესტორნით საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი.

რაც შეეხება მფლობელებს, 2021 წლის მდგომარეობით, კომპანიის 90% თემურ ჭყონიას ეკუთვნის, რომელიც ამავე დროს კომპანიის პრეზიდენტია, 10%-იან წილს კი თენგიზ კაპანაძე ფლობს.

თაია არდოტელი