ზურაბ აზარაშვილი - 300-მდე კლინიკაა და ჯამში მილიარდი ლარის ფარგლებში იყო მათი საოპერაციო მოგება

მინდა დავადასტურო, რომ 300-მდე კლინიკა გვაქვს ქვეყანაში და ჯამში მილიარდი ლარის ფარგლებში იყო მათი საოპერაციო მოგება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს როგორც კერძო კლინიკები, ასევე სახელმწიფო კლინიკები.

„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეწოდებოდეს ხარისხიანი სამედიცინო სერვისი. თანხები რასაც ამ სერვისში გადავიხდით ადეკვატური იყოს. თუ ქვეყანაში გვაქვს 18-19 ათასი საწოლფონდი, აქედან უდიდესი ნაწილი დაუტვირთავია. ამ საწოლფონდიდან გამომდინარე არის კომუნალური დანახარჯები, საწოლფონდს რამდენი ექთანი და ექიმი სჭირდება და ასე შემდეგ... არაფექტურად ხდება ამ ყველაფრის გამოყენება. თუნდაც 50%-იანი დატვირთვის შემთხვევაში კლინიკებს სურვილი უჩნდებათ, რომ კიდევ ახალი კლინიკები გახსნან და არსებულმა იფუნქციონირონ, ეს ნიშნავს, რომ რაღაც პრობლემაა. მინდა დავადასტურო, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში კლინიკების საოპერაციო მოგება მილიარდი ლარის ფარგლებში იყო. მილიარდი ლარი სექტორისთვის ცოტა არ არის. 300-მდე კლინიკა გვაქვს ქვეყანაში და ჯამში მილიარდი ლარის ფარგლებში იყო საოპერაციო მოგება. ჩემი აზრით, ეს საოპერაციო მოგება საკმარისია ინვესტიციებისთვის, კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს რომ ღირსეულ ანაზღაურებასთან მიახლოებული ანაზღაურება მივცეთ“,- აღნიშნავს აზარაშვილი.