ამერიკის სენატმა ინფლაციის დასაწევად 430 მილიარდი დოლარის პაკეტი მიიღო

აშშ-ს კონგრესის სენატმა მხარი დაჭირა ინიციატივას, რომელიც მიმართულია ინფლაციის დაწევისკენ და მოიცავს ხელისუფლების მხრიდან 430 მლრდ დოლარის გამოყოფას. ამ კანონპროექტის მიღების მიზნით, ამერიკის წარმომადგენელთა პალატა 12 აგვისტოს შვებულებას შეწყვეტს და მას განიხილავს. ამის შემდეგ ის პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება, რომელმაც ხელმოწერაზე მზაობა უკვე გამოთქვა, იმ შემთხვევაში, თუ მას კონგრესი დაუჭერს მხარს.

755-გვერდიანი კანონპროექტი მოიცავს მთელ რიგ ზომებს, მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტის შემცირებასაც, მოქალაქეების ჯანდაცვის ხარჯების შემცირებას და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგობასაც. ასევე მოიცავს მსხვილი კორპორაციებისთვის გადასახადის გაზრდას, საიდანაც უნდა შემოვიდეს ნაწილობრივ ამ პაკეტისთვის ფინანსური სახსრები.

ამერიკის ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ მთელი ეს ზომები ხელს შეუწყობს ინფლაციის დაწევას. ამ ნაბიჯების ინიციატორია დემოკრატიული პარტია.

ცნობისთის, ივნისში აშშ-ში ინფლაციამ 9,1% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1981 წლის შემდეგ.

კოკა კვირკველია