ერთ თვეში სავალუტო რეზერვები 237,7 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 237,743 მლნ დოლარით გაიზარდა და 31 ივლისის მდგომარეობით 3,687 მლრდ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ასევე გაიზარდა მთლიანი ოფიციალური რეზერვების მოცულობაც. უფრო კონკრეტულად, 2022 წლის ივნისის მდგომარეობით მთლიანი რეზერვების მოცულობა შეადგენდა 3,922 მლრდ დოლარს, ივლისში კი 4,156 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვები კი ივნისში იყო 3,449 მლრდ დოლარი, ივლისში - 3,687 მლრდ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი სავალუტო რეზერვებიდან 2,612 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია, 1,074 მლრდ დოლარი კი ნაღდი უცხოური ვალუტაა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2022 წლის ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვების მოცულობა 283,8 მლნ დოლარით გაიზარდა, უცხოური ვალუტის რეზერვები კი 20 მლნ დოლარით. კერძოდ, შარშან ივლისში მთლიანი რეზერვები იყო 3,872 მლრდ დოლარი, სავალუტო რეზერვები კი 3,667 მლრდ დოლარი.