უკრაინა ქვეყნის მასშტაბით 903 რუსული ობიექტის კონფისკაციას მოახდენს

უკრაინამ რუსეთის საკუთრებაში არსებული 903 ობიექტის სია შეადგინა, რომლის კონფისკაციაც უკრაინელების სასარგებლოდ მოხდება. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალმა განაცხადა, რასაც მთავრობის ვებგვერდი ავრცელებს.

პრემიერის თქმით, „ამ ობიექტების სიაში ასობით შენობა, კორპორატიული უფლებები, მიწის ნაკვეთები და ფინანსური აქტივები შედის.“ შმიგალი ამბობს, რომ ობიექტები სამ კატეგორიად იყოფა. ეს არის რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი ქონება, ასევე, სანქცირებული მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების საკუთრებაში არსებული აქტივები და რუსული ბანკების აქტივები.

მთავრობამ დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი 903 ობიექტის კონფისკაცია არის შეთავაზებული. კერძოდ, 79 პოზიცია კორპორატიულ უფლებებს, დანარჩენი 824 პოზიცია კი საკუთრებას მოიცავს.

„როგორც ხალხს დავპირდით, ყველა ამ ქონებას რუსებს უკრაინისა და უკრაინელების სასარგებლოდ ვართმევთ. ჩვენ ამას სისტემურად, ყველა პროცედურის შესაბამისად ვაკეთებთ,“ - განმარტავს დენის შმიგალი.

მისი თქმით, ამოცანა კანონიერად ხორციელდება, ხოლო „ჩამორთმეული აქტივები გარდაიქმნება სახსრებად, რომელიც ქვეყნის თავდაცვასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება.“ მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ ამ სტრატეგიაში „შემდეგი დიდი ნაბიჯი“ იქნება, როცა უკრაინის აღსადგენად რუსული აქტივების კონფისკაცია დასავლეთშიც მოხდება.

„ამაზე როგორც მთავრობა, ასევე, პრეზიდენტის ოფისი საუკეთესო იურისტებისა და საერთაშორისო ექსპერტების გუნდთან, ასევე, ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ,“ - ამბობს შმიგალი.

უკრაინის ხელისუფლება ქვეყნის აღდგენას, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივების ხარჯზე აპირებს. 4 ივლისს, შვეიცარიის ლუგანოში, უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის აღდგენის ეროვნული გეგმა წარადგინა. ის 750 მლრდ დოლარად არის შეფასებული და 10-წლიან ვადას მოიცავს, ხოლო პროექტების საერთო რაოდენობა 850-ია. 18 ივლისს ევროკომისიის კომისარმა იუსტიციისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა დასავლეთს შესთავაზა, გაყინულ რუსულ აქტივებს მანამდე დაეუფლოს, ვიდრე უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში რუსეთის მონაწილეობის გარანტია არ გაჩნდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ