Nord Stream 1-ის მომსახურე კომპანია Siemens Energy რუსეთიდან წლის ბოლომდე გავა

ენერგეტიკული სექტორისთვის აღჭურვილობისა და კომპონენტების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია Siemens Energy-მ რუსეთში თავისი ბიზნესის რესტრუქტურიზაცია დაიწყო, რომ ქვეყანა საბოლოოდ დატოვოს. ამის შესახებ კომპანიის მესამე კვარტლის (აპრილი-ივნისის) ანგარიშში წერია.

Siemens Energy, რომელიც Nord Stream 1 გაზსადენს ემსახურება, მოელის, რომ რესტრუქტურიზაცია 2022 ფისკალური წლის ბოლომდე დასრულდება. ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ ევროკავშირის სანქციებმა 10 ივლისის შემდეგ რუსეთში კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რაც ქვეყანაში მუშაობის გაგრძელებას არ ამართლებს.

Siemens Energy რუსეთში საქმიანობასთან დაკავშირებით 2022 ფისკალური წლის ბოლოსთვის, დაახლოებით, 400 მლნ ევროს შემოსავლის დაკარგვას ვარაუდობს.

ამჟამად გერმანული კომპანია რუსეთში ენერგეტიკული აღჭურვილობის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. კერძოდ, Siemens Energy კომპანია Siemens Transformers-სა და რუსეთის Power Machines-თან ერთობლივ საწარმო Siemens Gas Turbine Technologies-ში 65%-იან წილს ფლობს. ამასთან, Siemens Energy-ის ნაწილი, Siemens Gamesa განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებაში Enel Russia-ს პარტნიორია.

უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ Siemens Energy-მ რუსეთში ბიზნესსაქმიანობა შეაჩერა, ახლა კი წლის ბოლომდე რუსული აქტივებიდან სრულად გასვლას გეგმავს. თუმცა აღმასრულებელი დირექტორი, კრისტიან ბრუხი აცხადებს, რომ კომპანია რუსეთში არსებულ ზოგიერთ ოპერაციას, როგორიც არის Nord Stream 1-ის აღჭურვილობის მომსახურება, ქვეყნიდან გასვლის შემდეგაც გააგრძელებს, რომ ევროპაში გაზის სტაბილური მიწოდება უზრუნველყოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ