Nikkei: პირველად ბოლო 7 კვარტლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს მოგება შეუმცირდათ

მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებს მიმდინარე წლის მეორე კვარტალში პირველად ბოლო 7 კვარტლის განმავლობაში მოგება შეუმცირდათ. ამის შესახებ Nikkei დღევანდელ ნომერში წერს.

კვლევის თანახმად, რომელიც იაპონურმა კომპანიამ დაუკვეთა, ირკვევა, რომ მსოფლიოს წამყვან 4,5 ათას კომპანიას, რომლებზეც მოდის მთელი გლობალური კაპიტალიზაციის 80%, აპრილ-ივნისში 7%-ით შეუმცირდათ მოგება, 849,3 მილიარდ დოლარამდე. ეს არის მოგების პირველი შემცირება 2020 წლის ივლის-სექტემბრის შემდეგ. ძირითად მიზეზებს შორის კი სახელდება ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა და ლოქდაუნები ჩინურ მსხვილ ქალაქებში. ამასთან, ნავარაუდევია, რომ მესამე კვარტალში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების მოგება გაიზრდება 12%-ით.

ყველაზე მეტად მოგების კლება დაუფიქსირდათ საავტომობილო კომპანიებს (29% კლება), ელექტრონიკის მწარმოებლებს (18%) და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლებს (4%). მასალაში წერია, რომ მიუხედავად მოგების კლებისა, კომპანიების შემოსავლები 40%-ით მეტია პანდემამდელ ანალოგიურ პერიოდზე (2019 აპრილ-ივნისი).

კოკა კვირკველია