რუსები უცხოური დეტალების დეფიციტის გამო თვითმფრინავებს შლიან

რუსული ავიახაზები, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი „აეროფლოტი,“ სათადარიგო ნაწილებისთვის თვითმფრინავებს შლიან, რადგან დასავლეთის სანქციების გამო საზღვარგარეთ დეტალებს ვეღარ ყიდულობენ. ამის შესახებ Reuters-ს ინდუსტრიის ოთხმა წყარომ განუცხადა.

პირველი მაგალითები, რომელიც სააგენტოს წყაროსგან გახდა ცნობილი, ემთხვევა ივნისში ფედერაციის მთავრობის მიერ ავიაკომპანიებისთვის მიცემულ რჩევას, გამოეყენებინათ ზოგიერთი თვითმფრინავი ნაწილებისთვის, რომ რუსეთში დარჩენილი უცხოური წარმოების თვითმფრინავების ფრენა, მინიმუმ, 2025 წლამდე უზრუნველყონ. კერძოდ, მთავრობის რეკომენდაცია „ავიაპარკის გარკვეული ნაწილის ნაწილობრივ დემონტაჟს“ ითვალისწინებს, რომ 2025 წლის ბოლომდე უცხოური ფლოტის ორი მესამედი მუშა მდგომარეობაში იქნეს შენარჩუნებული.

მინიმუმ, ერთი რუსული წარმოების Sukhoi Superjet 100, ასევე, Airbus A350, რომლებიც „აეროფლოტის“ ექსპლუატაციაში შედიან, ამჟამად ნაწილებად იშლება. საკითხის სენსიტიურობის გამო წყარომ იდენტიფიცირებაზე უარი განაცხადა. მისი ცნობით, Airbus A350, რომელიც იშლება, თითქმის, ახალია.

Reuters წერს, რომ რუსეთის საჰაერო ფლოტის უმეტესი ნაწილი დასავლური სამგზავრო თვითმფრინავებისგან შედგება. სააგენტოს წყაროს ცნობით, აღჭურვილობა „აეროფლოტის“ რამდენიმე Boeing 737-იდან და Airbus A320-იდან ამოიღეს, რადგან ავიაკომპანიას სათადარიგო ნაწილების უმეტესობა სწორედ ამ მოდელებისგან სჭირდება, რომ დანარჩენი Boeing 737-ისა და Airbus A320-ის ფრენები უზრუმველყოს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ და „აეროფლოტმა“ Reuters-ის კითხვებს არ უპასუხეს.

რუსეთში აწყობილი Sukhoi Superjets, ასევე, დიდად არის დამოკიდებული უცხოურ ნაწილებზე. პირველი წყაროს ცნობით, ერთი სუპერჯეტიდან ძრავა უკვე ამოიღეს, რომ მეორე სუპერჯეტმა ფრენის გაგრძელება შეძლოს.

დასავლეთის საავიაციო ინდუსტრიის წყარო აცხადებს, რომ რუსეთში ბაზირებული თვითმფრინავების „კანიბალიზაცია“ მხოლოდ დროის საკითხია. თვითმფრინავების ახალ თაობებს, როგორიც არის A320neo, A350, ასევე, Boeing 737 MAX და 787 აქვთ ისეთი ტექნოლოგია, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს, ამიტომ სანქციების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, თანამედროვე თვითმფრინავების ექსპლუატაციაში შენარჩუნება რუსეთისთვის მთავარი გამოწვევა იქნება.

„აეროფლოტის“ ავიაპარკის, თითქმის, 80% Boeing-ების და Airbus-ებისგან შედგება. გასული წლის ბოლოსთვის ავიკომპანიას 134 Boeing და 146 Airbuses, ასევე, რუსული წარმოების Sukhoi Superjet 100-ის, თითქმის, 80 თვითმფრინავი ჰყავდა. Reuters-ის გამოთვლების თანახმად, რომელიც Flightradar24-ის მონაცემებზე არის დაფუძნებული, „აეროფლოტის,“ დაახლოებით, 50 თვითმფრინავი, ანუ მისი ფლოტის 15%, მათ შორის სანქციების ქვეშ მოქცეული ხომალდები, ივლისის ბოლოდან არ აფრენილან.

ასევე, Flightradar24-ის მონაცემები აჩვენებს, რომ შვიდი Airbus A350-დან სამი, რომელსაც „აეროფლოტი“ მართავს, დაახლოებით, სამი თვის განმავლობაში არ აფრენილა. ამჟამად ამ სამიდან ერთს ნაწილებისთვის შლიან.

„აეროფლოტს,“ რომელიც ოდესღაც მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიებს შორის სახელდებოდა და ამჟამად სახელმწიფო დაფინანსებაზე არის დამოკიდებული, წლის მეორე კვარტალში ტრაფიკი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 22%-ით შეუმცირდა.

სააგენტოს წყაროების თქმით, ქვეყნებიდან, რომლებმაც რუსეთს სანქციები არ დაუწესეს, დეტალების მიწოდების კომპენსირება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან აზიისა და ახლო აღმოსავლეთის კომპანიებს დასავლური მთავრობების მეორადი სანქციების ეშინიათ.

„თითოეულ დეტალს თავისი უნიკალური ნომერი აქვს და თუ დოკუმენტებში საბოლოო შემსყიდველად რუსული ავიაკომპანია იქნება ნახსენები, მაშინ მიწოდებაზე არავინ, მათ შორის არც ჩინეთი და არც დუბაი არ დათანხმდება,“ - აცხადებს Reuters-ის წყარო, რომელმაც დასძინა, რომ ყველა დეტალის გაყიდვის შესახებ ჯერ Boeing-სა და Airbus-ს უნდა ეცნობოს, ვიდრე ისინი საბოლოო მომხმარებელს მიეწოდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ