ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. რეფერენდუმი სექტემბერში ჩატარდება

ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმი“ სექტემბერში ჩატარდება, - ინფორმაციას რუსული მედია საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ევგენი ბალიცკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რეფერენდუმი დაახლოებით, შემოდგომის პირველ ნახევარში ჩატარდება. სავარაუდოდ, სექტემბერში“, - განაცხადა ბალიცკიმ ტელეკომპანია Россия 24-ის ეთერში.

მისივე თქმით, ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების კონკრეტული თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბალიცკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ოლქის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების შესახებ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ფედერაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმებს“ ჩაატარებს, ის ამით უკრაინასთან მოლაპარაკებების ყველა შესაძლებლობას დახურავს.