გიორგი კვირიკაშვილი უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს განმარტავს

ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში საპრივატიზაციოდ არ გაგვიტანია ის ქონებები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვი, რომ კანონიერი მფლობელისთვის შესაძლოა, უკანონოდ ყოფილიყო ჩამორთმეული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განუცხადა, სადაც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაცია გაიმართა.

კვირიკაშვილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება კონკრეტული პირისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას დაადასტურებს, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული შესაბამისი ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება. "პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა. მოხდა ყველა შემთხვევის სისტემატიზაცია და დახარისხება. ჩვენს სამინისტროსთან ერთად იქნა შეფასებული ის წინასწარი სურათი, რაც ქონების წართმევის შემთხვევას უკავშირდება. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში არ შევხებივართ იმ ქონებას და არ გაგვიტანია საპრივატიზაციოდ, რომელთა მიმართებაშიც იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დანაშაულის ჩადენას ჰქონოდა კავშირი. შესაბამისად, თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა ჩამორთმეული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში არ ირიცხება, ვიცე-პრემიერის თქმით, ამ კუთხითაც მთავრობას კონკრეტული გეგმა გააჩნია.

"ამ შემთხვევაში სახელმწიფოს აქვს სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის, სხვა ქონებით ჩანაცვლების მექანიზმი, ასევე ეს არის ობლიგაციების მექანიზმი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, იმაზე, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, "ორი აზრი არ არსებობს".

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, სახელმწიფოს საკუთრებაში ამ დროისთვის შვიდასამდე ქონებაა, რომელთან დაკავშირებითაც უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ ეჭვი არსებობს.