საწვავის ფასის კლება ვეღარ გაგრძელდება

”ამ ფონზე კლების გაგრძელებაზე ვერანაირი ილუზია ვეღარ გვექნება”

საწვავის ფასებზე კლების ტენდენცია აღარ გაგრძელდება, ამის შესახებ პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” კომპანია ”ლუკოილ ჯორჯიას” დირექტორის მოადგილემ, შავლეგ მიშველაძემ განაცხადა.  მისი განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების გამო არსებული კლების ტენდენცია საქართველოზეც აისახა: ”კლების ის სასიამოვნო ტენდენცია, რაც ბოლო 8-9 თვის განმავლობაში მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების გამო გრძელდებოდა, საქართველოზეც აისახა. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ივლისის თვიდან მოყოლებული, ფასების კლება სხვადასხვა ტიპის პროდუქტზე, პროდუქტების მიხედვით დაახლოებით 55-დან 60 თეთრამდე გახლავთ”, - აღნიშნავს შავლეგ მიშველაძე.

”ლუკოილ ჯორჯიას” დირექტორის მოდგილის თქმით, კლების ტენდენცია ვეღარ გაგრძელდება, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი საწვავზე ფასების მომატება გარდაუვალი იქნება. ”ბოლოდროინდელი მოვლენების გამო (და, სხვათაშორის, ეს არ უკავშირდება მხოლოდ ლარის კურსს), იმ სავაჭრო ინდიკატორის მიხედვით, რომელზეც ხდება გარიგებები ამ რეგიონში საწვავის ფასზე, არის მნიშვნელოვანი მატება. პირველი იანვრიდან დღევანდლამდე, ერთი ტონა საწვავის ღირებულება პლატცის სავაჭრო ინდიკატორის მიხედვით, ბენზინზე დაახლოებით 160 დოლარით არის გაზრდილი, დიზელზე კი 110 დოლარით გახლავთ მომატებული. ამას თუ დავუმატებთ ფასწარმოქმნისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს, რაც არის ეროვნული ვალუტის კურსი, იმ ვალუტასთან მიმართებაში, რომელზეც ხდება გარიგებები მსოფლიო ბირჟებზე, ანუ დოლართან მიმართებაში, მივიღებთ ცალსახა პასუხს: ამ ფონზე კლების გაგრძელებაზე ვერანაირი ილუზია ვეღარ გვექნება. რაც შეეხება საწვავის ფასის მატებას, გარკვეული პერიოდის შემდეგ ესეც გარდაუვალი იქნება”, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.

მისივე ინფორმაციით, მატება ერთბაშად არ მოხდება და ამ ყველაფერს, ბუნებრივია, მომენტალური სახე, არ ექნება. ”თუმცა ორი კომპონენტის - პლატცისა და კურსის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში მატება გარდაუვალი გახდება”, - აღნიშნა ”ლუკოილ ჯორჯიას” დირექტორის მოადგილემ.