რუსეთში შერწყმა-შესყიდვის გარგებები 5,6%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რუსეთში შერწყმა-შესყიდვების (mergers and acquisitions-M&A) ბაზარზე გარიგებების მოცულობამ 18,1 მლრდ დოლარს მიაღწია, რაც 2021 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 5,6%-ით აღემატება. ეს მაშინ, როცა მსოფლიო ბაზარზე M&A-ს მოცულობა მეორე კვარტალში 25.5%-ით შემცირდა. ინფორმაციას „კომერსანტი“ AK&M-ის ანგარიშის მიხედვით ავრცელებს.

ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა 26,2%-ით შემცირდა და 217 შეადგინა. თუმცა უმსხვილესი გარიგებების გამოკლებით, მათი საშუალო ზომა 1,7-ჯერ გაიზარდა და 64,2 მლნ დოლარი შეადგინა, AK&M-ის მონაცემებით, წლის პირველი ნახევრის დინამიკაში ყველაზე დიდი როლი მშენებლობისა და განვითარების სეგმენტმა ითამაშა, რაშიც გარიგებების 41,3% დაიდო. საანგარიშო პერიოდის უმსხვილესი ოპერაცია მაისში რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ ბრიტანელი ინვესტორების კონსორციუმისთვის 3,15 მლრდ დოლარად მიყიდვა გახდა.

წლის მესამე და მეოთხე კვარტალშიც M&A ბაზრის ანალოგიურ აქტივობას მოელიან, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნების არარეზიდენტებთან გარიგებებზე შეზღუდვები დააწესა. მესამე-მეოთხე კვარტლებშიც მთავარი მამომძრავებელი ფაქტორი რუსული აქტივებიდან უცხოელების გასვლა იქნება.

5 აგვისტოს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც „არამეგობრული“ ქვეყნების არარეზიდენტებთან, მათ შორის საწვავის და ენერგეტიკის, ასევე, საფინანსო სექტორში გარიგებებს კრძალავს.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა შესაძლოა, M&A-ს ახალ გარიგებებს, პირიქით, ხელი შეუწყოს.

„დიდი ალბათობით, ეს შეზღუდვები ხელს შეუწყობს ახალ გარიგებებს: უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ გაყიდვა, მიეცემათ სტიმული, რომ ახლავე დაიწყონ მუშაობა რუსული აქტივებიდან გასვლაზე და აღარ გადადონ იმ დრომდე, როცა გასვლა შემდეგი შეზღუდვების გამო შეუძლებელი გახდება,“ - განუცხადა „კომერსანტს“ Kept-ის ინვესტიციებისა და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის დირექტორმა, დენის სუროვცევმა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ