რატომ ვერ ხერხდება რუსული ბაზრის ჩანაცვლება - „მთავარი პრობლემა ისაა, რომ დინებას მივყვებით და გარე და შიდა გამოწვევებს ლოკალურად ვპასუხობთ“

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსული ბაზრის სტაბილურობა საქართველოსთვის კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ საქათველოსთვის ალტერნატიულ ბაზრად ევროკავშირის განხილვა რთულია, რადგან შესაბამისი სტანდარტებიდან ჩვენი ბაზარი შორსაა.

„ჩვენი ექსპორტის უდიდესი ნაწილი მიბმული იყო რუსეთზე. მით უფრო, მალფუჭებადი პროდუქტი. ამიტომ მიმდინარე ომის ფონზე, ცხადია პრობლემა უფრო მწვავეა. გართულებულია ტრანსპორტირება და გადახდები.

რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, იქ სტანდარტების დაკმაყოფილების სერიოზული პრობლემა გვაქვს და სულ რამდენიმე მწარმოებლისთვის არის ხელმისაწვდომი ევროპის სივრცე. ევროპაში სტანდარტები არ გაზრდილა, თუმცა ჩვენ არსებულსაც ვერ ვაკმაყოფილებთ. მაგალითად, ძალიან რთულია პირველად წარმოებაში დანერგო გლობალ გაპი და მერე შეინარჩუნო. ძალიან რენტაბელური, სტაბილური და თანმიმდევრული უნდა იყოს ბიზნესი, რომ ამას გაუძლოს. სტანდარტების მიმართულებით პრობლემა მწვავეა. ეს თუ არ დალაგდა, ევროკავშირის ბაზარი ვერ იქნება ხელმისაწვდომი.

მაგალითად, ავიღოთ კენკრა, რომელზეც მოთხოვნა არის, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ქვეყნაში არ გვაქვს სათანადო სამაცივრე ინფრასტრუქტურა და ამას ემატება ბიუროკრატიული პრობლემები, ექსპორტი ვერ ხორციელდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის პროდუქტს, რომელიც გადის ექსპორტზე სჭირდება ფიტო სანიტარიის დოკუმენტაცია. სამსახური კი მუშაობს შეზღუდულ საათებში და ხშირად, არ არის მოქნილი. მაგალითად, შაბათს თუ მიმართავთ ორშაბათამდე არ მუშაობენ, არადა პროდუქტს შეიძლება ამ დროს მალფუჭებადი იყოს.

სახელმწიფომ თქვა, რომ ამატებენ მორიგე სამსახურს, რომელიც 24/7-ზე იმუშვებს. ეს აქამდეც გასაკეთებელი იყო, მით უფრო, თუ ვამბობთ რომ ექსპორტს ხელს ვუწყობთ და გვჭირდება. სხვანაირად არ გამოდის.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ დინებას მივყვებით და გარე და შიდა გამოწვევებს ლოკალურად ვპასუხობთ. არ არსებობს დარგის განვითარების არავითარი სისტემური გეგმა“, - განაცხადა გიგაშილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი