რუსეთში სავაჭრო ცენტრები გაბანკროტების ზღვარზე არიან - 7,5 მლნ კვ/მ ფართობი გამოცარიელებულია

რუსეთის სავაჭრო ცენტრები სერგეი ლავროვს თხოვენ, „მეგობურლი“ ქვეყნების, კერძოდ, აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდეს ან მათთვის რუსული ვიზების აღების ღირებულება შემცირდეს.რუსეთის სავაჭრო ცენტრების საბჭოს პრეზიდენტის, დიმიტრი მოსკალენკოს მიერ საგარეო საქმეთა მინისტრისადმი მიწერილი წერილი „კომერსანტმა“ მოიპოვა.

საგარეო უწყება „კომერსანტთან“ კომენტარს არ აკეთებს.

წერილში წერია, რომ დღეს რუსეთის სავაჭრო ცენტრებში საცალო მოვაჭრეები და ბრენდები საერთო ჯამში, დაახლოებით, 7,5 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობზე აღარ ფუნქციონირებენ. ცენტრები მოელიან, რომ დარჩენილი დასავლური კომპანიების წასვლის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით უახლოეს თვეებში კიდევ 3 მილიონი კვადრატული მეტრ ფართობი გამოცარიელდება, რაც ინდუსტრიის შემოსავლების, მინიმუმ, 15-22%-ით შემცირებას გამოიწვევს.

„უძრავი ქონების მფლობელებისთვის, რომლებიც 2020-2021 წლების კორონავირუსული შეზღუდვებისგან ჯერ კიდევ არ არიან სრულად გამოჯანმრთელებული, ეს ბანკროტამდელ მდგომარეობამდე მისვლას ნიშნავს,“ - წერს დიმიტრი მოსკალენკო.

მას ანალიტიკოსების პროგნოზი მოჰყავს, რომ თუ ძირითადი უცხოური ბრენდები რუსეთის ბაზარს დატოვებენ, წლის ბოლოსთვის სავაჭრო ცენტრების 30% ცარიელი იქნება. მოსკოლენკოს ცნობით, აქამდე საცალო მოვაჭრეების „მეგობრული" ქვეყნებიდან მიზიდვა ვერ მოხერხდა, რადგან დასავლელმა მოიჯარეებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს კონტრაქტების გაწყვეტა და შენობები ჯერ არ გაუთავისუფლებიათ. თუმცა ნებისმიერი უცხოური ბრენდის რუსულ ბაზარზე შესვლას, მინიმუმ, ერთი წელი სჭირდება, ამიტომ ახალი მაღაზიები 2023 წლის პირველ კვარტლამდე არ გაიხსნება.

ამასთან, მთავარ დაბრკოლებად მოსკალენკო ვიზების აღების ღირებულებას ასახელებს, რაც „მეგობრული“ ქვეყნებიდან ახალი ბრენდების რუსეთში მიზიდვას ხელს უშლის. მისი მონაცემებით, მაგალითად, თურქეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ფედერაციაში ერთჯერადი შესვლის ვიზის ფასი 80 დოლარია, ხოლო მრავალჯერადი ვიზა 240 დოლარი ღირს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ