დაინტერესებული კომპანიები ანაკლიის მომავალი პორტის ადგილმდებარეობას ეცნობიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გამოაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ. სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მათგან 7 კომპანია შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში," რომლებმაც 2015 წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ტექნიკური და ფინანსური წინადადებების სათანადოდ მომზადების მიზნით, მიმდინარეობს ყველა კანდიდატი კომპანიის წარმომადგენლების მიერ ნავსადგურის ადგილმდებარეობის დათვალიერება და განმარტებითი შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა შესაბამის კომპეტენტურ უწყებებთან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი დავით ჯავახაძე, რეგიონის რწმუნებულ-გუბერნატორი ლევან შონია, ასევე ჰიდროგრაფიის სამსახურისა და ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დღეს, კომპანია JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ის დელეგაციას შეხვდნენ და ერთობლივად დაათვალიერეს პორტის მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დღეისათვის, მსგავსი ხასიათის ვიზიტები და შეხვედრები უკვე შედგა სამ კანდიდატ კომპანიასთან: 28-29 იანვარს - კომპანია BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-ს წარმომადგენლებთან, 26-27 თებერვალს - ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA)-სთან, ხოლო 4 მარტს - JSC ANAKLIA DEVELOPMENთ CONSORTIUM-ის წარმომადგენლებთან. უწყების ცნობით, მიმდინარე თვეშივე მომავალი პორტის ადგილმდებარეობას მოინახულებენ ,,მოკლე სიაში" შესული სხვა კანდიდატებიც.