"ფრეშ ჯორჯიაში" 1700 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 35-მდე ადამიანი მუშაობს”

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გია თევდორაძის ინფორმაციით, თუკი 2012 წლის სექტემბერში საწარმო "ფრეშ ჯორჯიაში" 1700 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს მხოლოდ 35-მდე ადამიანი მუშაობს.

ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გია თევდორაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, წინა ხელისუფლება ქუთაისისთვის მხოლოდ და მხოლოდ საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭებით არ იყო შემოფარგლული, არამედ ითვალისწინებდა რა ქუთაისის ინდუსტრიულ ტრადიციებს, 2009 წელს ქუთაისი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად გამოცხადდა.

"იმავე წელს ჩინური და ეგვიპტური ინვესტიციები განხორციელდა და 2 ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. დღეს გესაუბრებით ეგვიპტურ ინდუსტრიულ ზონასა და მის პრობლემებზე, რომელსაც "ფრეშ ჯორჯია" ჰქვია. თუკი 2012 წლის სექტემბერში "ფრეშ ჯორჯიაში" დასაქმებული იყო 1700 ადამიანი, დღეს უკვე გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რომელიც თავად მოვიპოვე, მხოლოდ 35-მდე ადამიანი მუშაობს იქ. საგანგაშო სიტუაციაა. მიმდინარეობს საწარმოო ხაზების დემონტაჟისა და მათი კონსერვაციის პროცესი. ჩემს საგანგაშო განწყობას ამძაფრებს ისიც, რომ გასულ კვირაში მქონდა მცდელობა, ხელისუფლების შესაბამისი ორგანოებისთვის მიმემართა. მედიის საშუალებით მივმართე ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებას, მაგრამ არანაირი რეაგირება და ქმედითი ნაბიჯი არ მოჰყოლია, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ დონეზე ყოველგვარ არგუმენტებს მოკლებული განცხადებები გაკეთდა", - განაცხადა თევდორაძემ.

თევდორაძის ინფორმაციით, ინვესტორს გააჩნია კონკრეტული პრობლემები და მათ შორის, ის, რომ კომპანიის ერთ-ერთ დირექტორს, რომელიც უცხოელია, უარი უთხრეს დროებით ბინადრობაზე, რამაც გარკვეულ პრობლემებს სათავე დაუდო. "იქნებ შეწუხდეს ვინმე, ჩავიდეს და ადგილზე გაეცნოს სიტუაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კიდევ უფრო მეტ ადამიანს მივიღებთ უმუშევრად. 1700 ადამიანი, 1700 ოჯახის ბედ-იღბალი კიდია ხელისუფლების ქმედითუნარიანობაზე. თუკი ინდიფერენტული დარჩება ხელისუფლება ამ პრობლემის მიმართ, ნუ გაგიკვირდებათ 21 მარტს ამ ინდიფერენტულობის გამო გამართულ აქციაზე იმ ოჯახებისა და ადამიანების ხილვა, რომლებიც ხელისუფლების უუნარობის გამო ლუკმა-პურის გარეშე დარჩნენ", - განაცხადა თევდორაძემ.