რუმინეთმა ბირთვული კატასტროფის პრევენციის ფარგლებში მოლდოვას იოდიდის აბები გადასცა

რუმინეთმა მოლდოვას კალიუმის იოდის მილიონზე მეტი აბი გადასცა. ოფიციალური კიშინოვი ზაპოროჟიეს ბირთვულ კატასტროფას უფრთხის. ინფორმაციას Newsmaker ავრცელებს.

ქვეყანაში კალიუმის იოდიდის ხელმისაწვდომობას მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო წამალს თავის განყოფილებებს დაურიგებს. ამასთან, სამინისტრო ირწმუნება, რომ ქვეყანაში რადიაციული საფრთხე არ არსებობს. უწყება მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

მანამდე კიშინოვის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ბორის გილკამ Facebook-გვერდზე დაწერა, რომ „ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური იოდის შეწოვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კალიუმის იოდიდის აბების მიღება, თუმცა ეს აბები საჭიროა მხოლოდ დიდი ბირთვული ავარიის შემთხვევაში, რადგან ფარისებრი ჯირკვალი ამ აბებიდან სწრაფად შთანთქავს სტაბილურ (არარადიოაქტიურ) იოდს და რადიოაქტიური იოდის დაგროვებას აჩერებს, ამიტომ ამ უკანასკნელს სხეული გარეთ სწრაფად გამოდევნის.“ ბორის გილკა შენიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააზუსტოს, თუ რა დოზით, ვის მიერ არის ან არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღება. მან, ასევე, Facebook-გვერდზე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში, მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა, ხოლო სამინისტრო დაგვიანებაში დაადანაშაულა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობაში კალიუმის იოდიდის განაწილებაზე ეროვნულ კამპანიას რუმინეთი აწარმოებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეპარატი 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის რეკომენდებული არ არის, რადგან ისინი კალიუმის იოდიდით მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარებიან.

მოლდოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან 740 კილომეტრში მდებარეობს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ბოლო დღეებში რუსი ოკუპანტების მხრიდან დაიბომბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ