„იყო მოთხოვნა, შარშანდელივით 60-70 ლარი გადაეხადათ ფერმერებს. ეს ძალიან მაღალი ფასია“ - აქვთ თუ არა მუშახელის დეფიციტი თხილის მწარმოებლებს

პანდემიის შემდეგ, ყველა სექტორს სამუშაო ძალის პრობლემა აქვს. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, მერაბ ჭითანავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სეზონის დასაწყისში, პრობლემა მათთვისაც აქტუალური იყო, თუმცა ამ ეტაპზე საკითხი მწვავედ აღარ დგას.

მეტიც, თუ გასულ წელს დღიური ანაზღაურება 60-70 ლარი იყო, წელს, 50 ლარს არ აღემატება.

„ძალიან ცუდი ტენდენცია იყო სეზონის დასაწყისში. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ჩვენი ასოციაციის აქტიური კამპანიით 50 ლარზე ზემოთ დღიური გამომუშავების ფასი არ ასულა. ეს მეტ-ნაკლებად ნორმალურია, მით უფრო, რომ იყო მოთხოვნა, შარშანდელივით 60-70 ლარი გადაეხადათ ფერმერებს. ეს ძალიან მაღალი ფასია და უბრალოდ, ვერ აიტანდა თხილის სექტორი. ახლა მწვავედ არ დგას დეფიციტი.

მე ვიცი, რომ ასოციაციის წევრი 5-6 ათასი ოჯახი თავადაა აქტიურად თხილის კრეფაში ჩართული საკუთარი საოჯახო რესურსით. ვცდილობთ, ხელით მოვაგროვოთ და ეს საჭირო მუშახელის რაოდენობას ამცირებს და იმედია, მნიშვნელოვანი გართულებების გარეშე ჩავილით. ეს გამოჩნდება, 10 დღეში, როცა ინტენსიურად ყველა დაიწყებს თხილის მოკრეფას“, - აცხადებს ჭითანავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი