რატომ ღირს წელს თხილი იაფი - თხილის მწარმოებელთა ასოციაციის განმარტება

თხილის მოსავლის აღების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ ლარის გამყარება და ტრანსპორტირების გაძვირება, თხილის ფასს ამცირებს.

თუმცა, ჭითანავას თქმით, მოსავალზე, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა, მოთხოვნაც და ფასიც ყოველთვის მაღალია.

,,დასავლეთ საქართველოში კარგი ამინდია ბოლო დღეებში და შესაბამისად, თხილის კრეფაც ინტენსიურ ფაზაში შედის. მიმდინარეობს დაკრეფის და დაბინავების პროცესი. ჯერ სულ რამდენიმე საწარმოს აქვს დაწყებული თხილის შესყიდვა, ისიც, ცალობით ყიდულობენ, სატესტოდ ანალიზისთვის. ქუჩაში რეალიზციაც სულ რამდენიმე დღეა დაიწყო, შესაბამისად, ჯერ ზუსტ ფასზე საუბარი ცოტა ნაადრევია. თხილში ტენიანობა ჯერ 35-40%-ია, ამიტომ, ფასი კონკრეტულად არ არის განსაზღვრული.

თუმცა, მოგეხსენებათ, რომ ფასს ბევრი ფაქტორი განაპირობებს. თურქეთის ბაზარზე თხილის ფასი დაახლოებით ისეთივეა, როგორც იყო გასულ წელს. ასევე ევროპაში, თუმცა ამას ვგულისხმობ ევროს ექვივალენტს ლარში, რაც ნაკლები გამოდის ლარის გამყარების გამო. შარშან ამ დროს 3.4-ზე იყო ევრო, წელს 2.7 ლარის ფარგლებშია, ამიტომ ბევრად ნაკლები გამოდის. გარდა ამისა, მნიშვნელოვნადაა გაძვირებული ტრანსპორტირება. ეს ფაქტორები, მოსალოდნელია, რომ უარყოფითად აისახება თხილის ფასზე. ისევ ვიმეორებ, მაინც მოსავლის ხარისხია მთავარი, მაღალი ხარისხის და მოვლილი თხილი, ყოველთვის ფასობს", - განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან" ჭითანავამ.

ინფორმაციისთვის, გასული წლის აგვისტოში, 1 კგ გაუტეხავი ხარისხიანი თხილის ღირებულება საშუალოდ, 6-დან 7.5 ლარამდე მერყეობდა. წელს კი 2-დან 3 ლარამდე მერყეობს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

თამარ მუკბანიანი