საბერძნეთში პირველი ცათამბჯენი აშენდება

საბერძნეთში მიმდინარე კვირას ცათამბჯენის მშენებლობისთვის პირველი ლიცენზია გაიცა. ამის შესახებ განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა განაცხადა, რასაც Ekathimerini ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ათენის გარეუბანში, ელინიკოს მუნიციპალიტეტში 198,85-მეტრიანი თაუერის მშენებლობა რამდენიმე კვირაში დაიწყება.

ცათამბჯენს Riviera Tower დაერქმევა. ის პროექტ Lamda Development Ellinikon-ის ნაწილია, რომელიც ევროპაში ურბანული აღორძინების უდიდეს პროექტად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ახლახან რიგის და ზოგადად, ლატვიის ყველაზე მაღალმა შენობებმა, Z-Towers-ებმა სახელი Zunda Towers-ად გადაიკეთეს, რაც კომპანიამ რუსული არმიის მიერ გამოყენებული ასო Z-ის ნეგატიური სიმბოლიზმის საპასუხოდ განახორციელა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ