უკრაინაში ივლისის ინფლაციამ 22% შეადგინა

უკრაინაში სამომხმარებლო სექტორში ფასების მატებამ ივლისში 22% შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 6,5 წლის განმავლობაში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამომხმარებლო ფასები ივლისში 2022 წლის ივნისთან შედარებით 0,7%-ით არის მომატებული. ხოლო საბაზისო ინფლაცია ივლისში ივნისთან შედარებით გაზრდილია 1,2%-ით, წლის დასაწყისიდან კი 12,7%-ით.

ბოლოს უკრაინაშ 22%-ზე მაღალი ინფლაცია 2016 წლის თებერვალში დაფიქსირდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ივლისში უალკოჰოლო სასმელსა და სურსათზე ფასები 0,8%-ით გაიზარდა, წლის განმავლობაში კი 28,9%-ით. ყველაზე მეტად - 8,7%-ით არის გაზრდილი ფასი კვერცხზე, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები კი ერთ თვეში მომატებულია 1,3%-ით.

კოკა კვირკველია