ჩეხეთში ერთჯერადი პლასტმასის ნივთები იკრძალაება

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის, მათ შორის თეფშებისა და საწრუპი ჯოხების გაყიდვა აიკრძალება. Ceske Noviny-ის ცნობით, შესაბამისი კანონი ჩეხეთის სენატმა დაამტკიცა.

ნორმას, რომელსაც 69 სენატორიდან 49-მ მისცა ხმა, ახლა პრეზიდენტი განიხილავს. დოკუმენტი მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა. სენატორებმა, ასევე, დაამტკიცეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, 2025 წლისთვის პლასტმასის ბოთლების მეოთხედი, 2030 წლისთვის კი 30% გადამუშავებული პლასტმასისგან უნდა დამზადდეს.

აკრძალვა, ძირითადად, ერთჯერადი პლასტმასის ნივთებს შეეხება, რომლებიც, ასევე, მოიცავს სასმელის შემრევს, ბამბისა ჩხირებს, ბუშტის ჯოხებს, სასმელის ჭიქებსა და საკვების პენოპოლისტიროლის ყუთებს.

ჩეხეთის გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ პლასტმასის პროდუქტების წლიური მოხმარება, დაახლოებით, 1,77 მილიარდი ცალით უნდა შემცირდეს. უწყების ცნობით, ასაკრძალად შერჩეული ერთჯერადი პროდუქტებისთვის რამდენიმე მრავალჯერადი ალტერნატივა უკვე არსებობს.

კანონი, ასევე, პლასტმასის გარკვეულ ნივთბზე მოთხოვნებს აწესებს. მაგალითად, ჰიგიენური საფენების, ტამპონების, სველი ხელსახოცებისა და ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებმა მომხმარებელს უნდა აცნობონ, თუ როგორ გაანადგუროს ისინი გამოყენების შემდეგ.

ზოგიერთი პროდუქტის მწარმოებლები, ასევე, ვალდებული არიან, მომხმარებლებს მრავალჯერადი გამოყენების ალტერნატივების ხელმისაწვდომობის შესახებ აცნობონ. ამასთან, მწარმოებლებს პლასტმასის პროდუქციაზე მხოლოდ ერთი ეტიკეტის გამოყენება მოეთხოვებათ. ეს შეეხება ფილტრიან სიგარეტს, ცალკეულ ფილტრებს, სველ ხელსახოცებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და ჭიქებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ