„ეს გამყარება მდგრადი არაა, იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ შეცვლილა“ - აკაკი ცომაია ლარის კურსზე

„ეს გამყარება მდგრადი არაა იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ შეცვლილა, ისევ ისეთია როგორიც იყო“ - ასე აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია „ბიზნესპრესნიუსთან“ ლარის გამყარების ტენდენციას. ამასთან, ეკონომისტი იმ რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რაც ბოლო პერიოდში ქართულ ეროვნულ ვალუტას ამყარებს.

უკვე მეხუთე თვეა ლარი მყარდება. 10 მარტს ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3.4019 იყო, თუმცა მას შემდეგ დოლარი თითქმის 70 თეთრით გაიაფდა და დღეს, 11 აგვისტოს, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამერიკული ვალუტა 2.6950-2.6990 ლარის ფარგლებში ივაჭრება. ლარი მყარდება ევროსთან, ბრიტანულ სტერლინგთან და სხვა ვალუტებთან მიმართებითაც.

აკაკი ცომაია ამბობს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას ორი მთავარი ფაქტორი განაპირობებს - ესაა მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ასევე ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა.

„ერთი მიზეზი მაღალი რეფინანსირების განაკვეთია, მაღალი საპროცენტო განაკვეთი ლარში დეპოზიტებს ზრდის, დოლარში კი ამცირებს. მეორე მიზეზი სავალუტო შემოდინების ძალიან სწრაფი ზრდაა პანდემიის შემდეგ, ამ ნაკადების მოულოდნელი ცვლილება გავლენას ახდენს ლარის კურსზე, ვგულისხმობ ექსპორტის ზრდასა და ფულად გზავნილებს“, - ამბობს ცომაია.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 35.6 %-ით გაიზარდა და 2,558.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილების მოცულობა კი წლის პირველ ნახევარში 1,786.5 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც გასული წლის პირველი ორი კვარტლის მაჩვენებელზე, 1,083.1 მლნ აშშ დოლარზე, 64.9%-ით მეტია. ფულადი გზავნილების მოცულობით პირველ ადგილზე რუსეთია.

აკაკი ცომაიას თქმით, ლარის მსგავსი გამყარება მდგრადი არაა და როდემდე გაგრძელდება, ამის პროგნოზირება რთულია. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება იმის შედეგიცაა, რომ ეროვნული ბანკი სათანადო მასშტაბის ინტერვენციებს არ ახორციელებს დოლარის მიმოქცევიდან ამოღებით.

„ეს გამყარება მდგრადი არაა იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა არ შეცვლილა, ისევ ისეთია როგორიც იყო. ეს ცვლილება დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა მოხდება მომავალში.

გვაქვს მოლოდინი, რომ რუსეთის ეკონომიკა შემცირდება, თუმცა არ ვიცით, ახლა ვინ შემოდის, რა შემოსავლები აქვთ ან რამდენი ხანი ეყოფათ ეს შემოსავლები. რომ შემოდიან, დიდი მოთხოვნა იქმნება უძრავი ქონების შესყიდვაზე, რეგისტრაციაზე, გაქირავებაზე და ლარს ესეც ამყარებს - 2019 წელს ასე არ იყო“. - ამბობს ცომაია.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2022 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 2.34 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 214%-ით მეტია, 2019 წლის მონაცემთან შედარებით კი აღდგენა 47.2%-ია. მხოლოდ ივლისში ქვეყანაში 156,737 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასულ წელზე 526%-ით მეტია.

ლარის მკვეთრი გამყარების საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი წელს დოლარს ყიდულობს - 2022 წელს სებ-მა უკვე 80 მილიონი დოლარი იყიდა (აქედან 70 მლნ დოლარი აგვისტოში), რაც 2019 წლის 7 ივნისის შემდეგ პირველად მოხდა.

რაც შეეხება იმას, თუ როდის აისახება ლარის გამყარება ფასების ზრდაზე, აკაკი ცომაიას თანახმად, პროგნოზის გაკეთება აქაც რთულია, რადგან ფასების ზრდა/კლების საკითხი ბევრ სხვადასხვა, მათ შორის, საგარეო ფაქტორზეა დამოკიდებული.

„ფასების ზრდა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, საერთაშორისო ფაქტორზე, ამერიკის ფედერალური რეზერვის ქცევაზე, რომელიც მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, იმავეს აკეთებს ევროპის ცენტრალური ბანკიც. ეს დამოკიდებულია ეკონომიკის სტრუქტურაზე, როდესაც სტრუქტურა მონოპოლიზებულია, რთულია, რომ ფასები ქვემოთ წამოვიდეს. დამოკიდებულია საგარეო მოთხოვნაზე, თუ საგარეო მოთხოვნა არ შეიცვალა და კვლავ დიდი იქნა უცხოელების მოთხოვნა აქ საქონლის შესყიდვაზე, ესეც ფაქტორია, ასე რომ, ბევრ მიზეზზეა დამოკიდებული“. - განმარტავს ცომაია.

კახი ჩაკვეტაძე