მოპარული უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირებაში 87 გემი მონაწილეობს - ელჩი

რუსების მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულის ტრანსპორტირება 87 გემით ხდება. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა ლიბანში, იგორ ოსტაშმა ბრიფინგზე განაცხადა, რასაც უკრაინული „ნოვოე ვრემია“ ავრცელებს.

დიპლომატის თქმით, უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის კონტრაბანდისთვის კრიმინალური სქემა მოქმედებს, რომელშიც რუსეთის საოკუპაციო ჯარები, ასევე, ძირითადად, რუსული და სირიის გემები მონაწილეობენ. ისინი თურქეთის გავლით ან პირდაპირ სირიაში და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში მიემართებიან. ელჩის მონაცემებით, საერთო ჯამში სიაში 87 გემია, რომლებიც უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის ტრანსპორტირებას ახდენს.

იგორ ოსტაშმა დასძინა, რომ ლიბანში სირიული გემის, Laodicea-ს დაკავება, რომელიც ამ დანაშაულებრივი სქემის ნაწილია, უკრაინის დიდი გამარჯვებაა, რადგან უკრაინულმა მხარემ ლიბანური ბიზნეს სტრუქტურების დაკვეთით ამ გემიდან მოპარული ფქვილისა და ქერის გადმოტვირთვა არ დაუშვა. უკრაინის ძალისხმევით გემი 144 საათის განმავლობაში დააკავეს, რა დროსაც დაიწყო გამოძიება და აღმოჩნდა მტკიცებულებები, რომ გემზე დატვირთული ფქვილი ოკუპირებულ ყირიმში, კრასნოგვარდეისკის ელევატორში იყო დაფქული.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა 4 აგვისტოს გამოავლინა მოღალატეები, რომლებიც რუსეთს ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 650 000 ტონაზე მეტი უკრაინული მარცვლეულის მოპარვაში დაეხმარნენ. სპეცსამსახურმა, ასევე, ათი რუსული გემის ეკიპაჟის წევრების ვინაობა გაარკვია, ვისაც ნაძარცვი გადააქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ