სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკს შეიცავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2%-ს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ეკონომიკაზე ძლიერი გარე შოკების რამდენიმე ფაქტორის კომბინაციამ იქონია გავლენა. მათ შორისაა რუსეთ-უკრაინის კრიზისი, რუსეთში რეცესიის გაღრმავება (ორივე ერთად ტალღისებურ ეფექტს იწვევდა რეგიონში) და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია. ამ შოკების გამო საქართველოს ექსპორტი 30 პროცენტით არის შემცირებული წინა წელთან შედარებით, ხოლო უცხოეთში მომუშავე ქართველების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები - 25 პროცენტით. ყოველივე ამის შედეგად ქვეყნის ეკონომიკური აქტივობა შენელებულია. იანვარში გამოშვება მხოლოდ 0.5 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ეკონომიკურმა ზრდამ შეიძლება 2 პროცენტს მიაღწიოს, თუმცა ეს პროგნოზიც რისკების შემცველია. საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტადაა შენელებული და მათი ვალუტების გაუფასურება აზიანებს საქართველოს კონკურენტუნარიანობას", - განაცხადა მარკ გრიფითსმა.

მისივე თქმით, ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან შემოსავლების კლების გამო, გაზრდილია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2014 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაახლოებით 9.5 პროცენტია.  "უცხოური ვალუტით შემოსავლების შემცირების გამო 2014 წლის იანვრიდან ლარი 20 პროცენტზე მეტით გაუფასურდა აშშ დოლართან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი დიდია, ბევრ სხვა ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაციაა დოლარის გამყარების გამო. მართლაც, რეგიონში ბევრი ვალუტა ლარზე მეტად გაუფასურდა. შექმნილი ვითარებიდან აშკარაა, რომ აშშ დოლარის მიმართ გაუფასურებული ლარი ხარჯებს უზრდის მათ, ვისაც კრედიტები აქვთ უცხოური ვალუტით. ეს კი ეკონომიკურ ზრდას შეანელებს. ვალუტის კურსის გაუფასურების გამო მომდევნო თვეებში, სავარაუდოდ, ინფლაცია გარკვეულწილად გაიზრდება საქართველოს ეროვნული ბანკის 5-პროცენტიანი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიმართულებით. თუმცა, ინფლაციის ამგვარი ზრდა დაბალი ნიშნულიდან დაიწყება, რადგან თებერვალში ინფლაცია მხოლოდ 1.3 პროცენტი იყო, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ნავთობზე ფასებმა იკლო. იმპორტული პროდუქციის დაბალი საწყისი ღირებულება ასევე შეაკავებს ინფლაციის მაჩვენებელს", - განაცხადა გრიფითსმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით, თბილისს 23 თებერვლიდან 4 მარტამდე სტუმრობდა და მისი მიზანი იყო მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენების საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესაფასება და ამ ახალი გამოწვევების გადალახვის საუკეთესო გზების ძიება. მისია შეხვდა: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკავშილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს, სხვა ოფიციალურ პირებს, ასევე საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.