უკრაინა ყველა რუსული ბანკის დასანქცირებას მოითხოვს

უკრაინა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისგან ყველა რუსულ კერძო ბანკზე სანქციების დაწესებას მოითხოვს, რომ პუტინმა ომის წარმოების უნარი დაკარგოს. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოქსანა მარკაროვამ სააგენტო Bloomberg-ს განუცხადა.

მისი თქმით, ოფიციალურ კიევს სურს, აშშ-ის მიერ სანქცირებული ფინანსური ინსტიტუტების სიას კვირაში რამდენიმე რუსული ბანკი დაემატოს. ელჩმა დასძინა, რომ შესაბამისი მოთხოვნით აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტს უკვე მიმართა.

„სანქციები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც იარაღი,“ - აცხადებს ოქსანა მარკაროვა.

მისი შეფასებით, სავსებით ლეგიტიმურია სანქციების დაწესება ნებისმიერ რუსულ ბანკზე, რადგან ყველა მათგანი ეფექტურად არის ჩართულნი პუტინის კამპანიის დაფინანსებაში.

„როგორც კი ერთ ბანკს უწესდება სანქციები, მეორე კერძო ბანკი მოულოდნელად ხდება რუსული მრეწველობისა თუ შეიარაღებული ძალების დამფინანსებელი,“ - ამბობს ელჩი.

მისი აზრით, რამდენიმე ბანკი გარკვეული მიზნებისთვის შესაძლოა, არ დასანქცირდეს, „მაგრამ ყველა დანარჩენი სანქციებს უნდა დექვემდებაროს, რადგან ისინი ომის მწარმოებელი ტერორისტული მანქანის დაფინანსებაში მონაწილეობენ,“ - აცხადებს მარკაროვა.

დიპლომატი, ასევე, მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანოს.

როგორც ცნობილია, აშშ-ის სენატი ბაიდენის ადმინისტრაციაზე ზეწოლას ახდენს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადდეს. რუსეთი საპასუხოდ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით იმუქრება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ