შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის გეგმაზე მუშაობა 5 მარტისთვის ვერ დასრულდება

შექმნილი ეკონომიკური ვითარებიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობა ჯერ დასრულებული არ არის. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, გეგმაზე მუშაობა ეკონომიკის მინისტრთან ერთად გრძელდება.

"ვმუშაობთ ეკონომიკის მინისტრთან. ამ თემაზე ჩვენ გვქონდა საუბარი სავალუტო ფონდთანაც, მათ შორის მათ წარმომადგენლებთან გავმართე შეხვედრა. შევთანხმდით კოორდინირებულ მუშაობაზე. შევთანხმდით იმაზეც, რომ მიმდინარე წელს ხარჯები შემცირდება. თქვენ იცით, რომ ალბათ მოგვიწევს მაკროეკონომიკური პროგნოზების გადახედვა. ვფიქრობთ, გარე შოკების გათვალისწინებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტამდე შემცირდება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც ცნობილია, გასულ კვირას "ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს პრეზიდენტს შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევა სთხოვა, თუმცა გიორგი მარგველაშვილმა ეს ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნია და განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს უნდა მიეცეს საშუალება, საზოგადოებას კრიზისიდან გამოსვლის სამოქმედო გეგმა შესთავაზოს.  ქვეყნის პირველი პირის ვარაუდით, მთავრობას გეგმა ჩამოყალიბებული 5 მარტისთვის, საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტის დასრულების შემდეგ უნდა ჰქონოდა.