„ადამიანები გამოსავალს არა ადგილზე პროფესიულ განვითარებაში, არამედ საზღვარგარეთ გაქცევაში ხედავენ“ - მომავლის ფერმერი

სხვა დარგებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სექტორსაც სამუშაო ძალის დეფიციტი აქვს.

,,მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი ამბობს, სამუშაო ძალის გარდა, სექტორში პროფესიონალი კადრების მწვავე დეფიციტია.

„მუშახელის მხრივ პრობლემები ყოველთვის გვქონდა, თუმცა წელს, უფრო გამწვავებულია, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს საქართველოს ყოველდღიურად. ეს, ცხადია აისახება ბაზარზე. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ მუშახელის დეფიციტია, დარგის გადახდისუნარიანობამ დაიკლო. შესაბამისად, ეს პრობლემა სხვა სექტორებთან შედარებით, ჩვენთვის უფრო მწვავეა. პანდემიიდან და არასტაბილური სიტუაციიდან გამომდინარე ადამიანებმა გამოსავალი საზღვარგარეთ წასვლაში იპოვეს.

მუშახელის გარდა, ძალიან პრობლემურია სპეციალისტების დეფიციტი. სოფლის მეურნეობაში კი, სპეციალისტების გარეშე ვერავითარი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ვერ მოხდება, გამორიცხულია. ეს პრობლემები თუ არ მოგვარდა, დარგი ვერ განვითარდება. სახელმწიფოს ნამდვილად აქვს ამ ეტაპზე პროგრამები და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობაც უფრო მეტადაა გაზრდილი, თუმცა მოთხოვნა ძალიან დაბალია, რადგან ადამიანები გამოსავალს არა ადგილზე პროფესიულ განვითარებაში, არამედ საზღვარგარეთ გაქცევაში ხედავენ“, - განაცხადა გიგაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

თამარ მუკბანიანი