ესპანეთი უკრაინული მარცვლეულის რკინიგზით ტრანსპორტირებას ტესტავს

ესპანეთმა უკრაინიდან რკინიგზით მარცვლეულის ტრანსპორტირების საპილოტე პროექტი ჩაუშვა, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის ალტერნატივად ან დამატებად განიხილება. ამის შესახებ ესპანეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რომელსაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

რკინიგზის ოპერატორმა, Renfe Mercancías-მა პოლონეთისა და უკრაინის საზღვარზე 40-ფუტიანი 25 ერთეული კონტეინერი გაგზავნა, რომ ესპანეთში 600 ტონა უკრაინული სიმინდი გადაიტანოს.

ეს არის საპილოტე ტესტი, რომლითაც სამინისტრო მიზნად ისახავს, მარცვლეულის სარკინიგზო ტრანსპორტირების ტექნიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობა აჩვენოს. აღნიშული სარკინიგზო მაგისტრალი პოლონეთის მესამე ქალაქ ლოძიდან ბარსელონამდე გადის და მთელ ევროპას კვეთს. კერძოდ, მატარებლის მარშრუტი არის: მადრიდი-ლუდვიგსჰაფენი-დუისბურგი-ლოძი-ხელმი, ხოლო უკანა მარშუტია ხელმი-ლოძი - დუისბურგი-ბარსელონა.

უკრაინასა და ესპანეთს შორის სატრანსპორტო ლოგისტიკა უკრაინის საზღვრიდან 25 კილომეტრში, პოლონურ ქალაქ ხელმში საქონლის ტრანსპორტირებით განხორციელდება.

როგორც ცნობილია, მარცვლეულის შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღესვე რუსეთმა სარაკეტო შეტევით ოდესის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა დაბომბა. მოსკოვი ამტკიცებს, რომ შეთანხმება ამას არ კრძალავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ